რა უთხრა კობახიძემ ბიზნესმენებს - თემურ ჭყონიას კომენტარი
ირაკლი კობახიძისა და ბიზნესმენების შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში დასრულდა - შეხვედრის დეტალებზე მედიასთან კომენტარი ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ გააკეთა.
"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელი ამბობს, რომ შეხვედრაზე მათ პრემიერმა უთხრა, რომ მთავრობა სადავო კანონპროექტის შესახებ ევროპარლამენტარებთან და ოპონენტებთან საუბარს აპირებს.
ჭყონია არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნება" დათმობაზე წავიდეს.
პრემიერ-მინისტრი აპირებს ევროპარლამენტარებთან და ოპონენტებთან საუბარს, რომ კანონის საბოლოო შედეგი ისეთი მიიღოს, რომ ყველასთვის მისაღები იყოს. შესაძლოა, დათმობებზე წავიდეს. რა ნაწილში, არ ვიცი. შინაარსობრივად რაღაც ცვლილებები მოხდება, ალბათ, ასეთი დასკვნა გამოვიტანე.
თემის გაწელვის შთაბეჭდილება არ დამრჩა, რადგან მთელი პრობლემა არის სახელი, რომ რუსული კანონი ჰქვია", - ამბობს ჭყონია.
ბიზნესმენი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ რუსული კანონი საზოგადოებისთვის მიუღებელია. ამასთან თემურ ჭყონიას თქმით, მათ პრემიერმა კობახიძემ უთხრა, რომ "არჩევნები გამჭვირვალე იქნება".
რუსული კანონი არის მიუღებელი საზოგადოებისთვის და ეს არის პრობლემა. თემა იყო არჩევნები რომ იქნება გამჭვირვალე, სწორი. განწყობა ისეთი იყო, ბიზნესი უნდა მუშაობდეს წყნარად და არ უნდა იყოს რაღაც წრეში მოქცეული"- თქვა თემურ ჭყონიამ.
ასევე ნახეთ: რაზე ისაუბრა კობახიძემ ბიზნესმენებთან - მთავრობის ადმინისტრაციის ვერსია