შვილები იმისთვის არ გაგვიჩენია, რომ რუსეთში იცხოვრონ - ნაცვლიშვილი დედების მარშს შეუერთდა

11.05.24 17:22
შვილები იმისთვის არ გაგვიჩენია, რომ რუსეთში იცხოვრონ - ნაცვლიშვილი დედების მარშს შეუერთდა

დედების მარშს ანა ნაცვლიშვილი უერთდება - ამ წუთებში "ლელო საქართველოსთვის" წევრი წერეთელზე, "ექსპო ჯორჯიასთან" იმყოფება და ცოტა ხანში გეზს ევროპის მოედნისკენ აიღებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მსვლელობის მთავარ გზავნილთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ადგილზე შეკრებილი "გაბრაზებული" მშობლების მესიჯი ერთია - "შვილები იმისთვის არ გაგვიჩენია, რომ რუსეთში იცხოვრონ".

ანა ნაცვლიშვილი ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ ფორმა გაიხადონ და ისტორიის სწორ მხარეს დადგნენ.

დღეს დედები, გაბრაზებული მშობლები ვიძვრებით "ექსპო ჯორჯიადან" და ვუერთდებით ათასობით თანამოქალაქეს, რომლებიც ევროპის მოედანზე მოვიყრით თავს. ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ ჩვენ იმიტომ არ გაგვიჩენია შვილები, რომ რუსეთში იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა. "ოცნების" დეპუტატებისგან და სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, რომელთაც თავისი შვილებისთვის ნამდვილად უნდათ ევროპა და კომფორტი და იქ ჰყავს ბევრ მათგანს მშვიდად მოკალათებული ოჯახის წევრები და საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის რუსული ჭაობი უნდათ, ჩვენ ევროპა გვინდა ყველასთვის. ყველა ახალგაზრდა თუ ხანდაზმული იმსახურებს ევროპული ხარისხის ჯანდაცვას, განათლებას, გარემოს, სამართალს და იმსახურებს იმას, რომ ამ ქვეყნის ბედს წყვეტდნენ მოქალაქეები და არა ერთი რუსი ოლიგარქი. დღეს მარტივი არჩევანი აქვს გასაკეთებელი თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს. აირჩიეთ, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა გინდათ, რომ შეასრულოთ, თუ საკუთარი შვილების ბედი გადაწყვიტოთ სწორად. მე ვფიქრობ, რომ როდესაც არჩევანია რუსს ოლიგარქსა და საკუთარ შვილს შორის, ყველა ნორმალური მშობელი აირჩევს საკუთარი შვილისთვის და მისი თანატოლებისთვის ღირსეულ მომავალს", - ამბობს ნაცვლიშვილი.

მსგავსი სიახლეები