მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება - ოპოზიციის ნაწილი ინიციატივას მხარს არ უჭერს
ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი ფუჭი ძალისხმევა იქნება. „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკოს ელისაშვილი, ფიქრობს, რომ აღნიშნული ინიციატივის განხორციელება საზოგადოებაში ნიჰილიზმს გააღრმავებს.
ეს არის აპრიორი წარუმატებლობაზე გათვლილი ძალისხმევა, რომელის რას მოგვიტანს საერთო ჯამში, იცით? ისევ ფუჭ მოლოდინს შექმნის, რომ რამეს უზამს „ქართული ოცნების“ მთავრობას და ღარიბაშვილის მთავრობას, ამას ვერ შევძლებთ სუფთა მათემატიკურად და სამართლებრივად და შედეგი იქნება კიდევ უფრო მეტი ნიჰილიზმის გაღრმავება, - ამბობს ელისაშვილი.
აღნინული საკითხით სპეკულაციებს არ გამორიცხავს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ანა ბუჩუკური.
იმისთვის, რომ უნდობლობა იქნას გამოცხადებული მთავრობის არსებული შემადგენლობისთის, აუცილებელია, მოხდეს ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება, რასაც სჭირდება 76 დეპუტატი. 76 დეპუტატი ჯამში ყველას ერთად, ოპოზიციას, არ გვყავს. შესაბამისად, დღეს რაღაც საკითხზე საუბარი, რომელიც წინასწარ ვიცით, რომ შედეგს არ მოგვიტანს და იქნება სპეკულაციების დამატებითი თემა, ამ პროცესში მონაწილეობას უბრალოდ არ მივიღებთ, - ამბობს ბუჩუკური.
ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადება არარეალური და არგუმენტს მოკლებული ეჩვენება „გირჩის“ ლიდერს, იაგო ხვიჩიასაც.
გამოიყენება მაშინ, როცა არსებობს რეალური შანსი, ანუ ინიციატორებმა იციან, რომ რაღაც ხდება მმართველ გუნდში და ამ ინიციატივის ინიცირების შემთხვევაში, ის იქნება წარმატებული. ჯერჯერობით ჩვენთვის დამაჯერებელი არგუმენტი მე არ მომისმენია და ამიტომ მე არ ვუჭერ მხარს, - ამბობს იაგო ხვიჩია.
მთავრობისთვის უნდობლობის გასაფორმებლად ოპოზიცია პარლამენტში პროცედურებს იწყებს. საკითხის ინიციატორი პარტია „ლელოა“. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, გამოიყენებენ ყველა გზას, რათა მოქმედ ხელისუფლებას გააგებინონ, რომ მას ქვეყნის მართვის მორალური უფლება არ აქვს.