დღეს ევროპელი მეგობრები გვაკრიტიკებენ, მოსკოვი კი კომპლიმენტებს გვეუბნება - ჯავახიშვილი Le Monde-სთან

11.05.24 18:50
დღეს ევროპელი მეგობრები გვაკრიტიკებენ, მოსკოვი კი კომპლიმენტებს გვეუბნება - ჯავახიშვილი Le Monde-სთან

"კანონპროექტის დაბრუნებასთან ერთად, ძალიან არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოვჩნდი, განსაკუთრებით ჩემს თანამოსაუბრეებთან, ელისეისა და ორსეზე, რომელთაც ვეუბნებოდი, რომ კანონპროექტი სამუდამოდ იყო უკან გაწვეული. გარდა ამისა, გამიჭირდება არგუმენტების მოძიება, იმის ასახსნელად, თუ რატომ დაბრუნდა ეს ინიციატივა დღეს. ეს მდგომარეობა აღარ მაძლევდა საშუალებას, ჩემი ქვეყნის ევროპული გზავნილი გადმომეცა. თვალთმაქცობის მეშინოდა, შესაბამისად, ჩემი ვალდებულების შესრულების გაგრძელება ვერ წარმომედგინა" - თანამდებობის დატოვების შემდეგ, საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი Le Monde-სთან ალაპარაკდა.

ფრანგულ გამოცემასთან მიცემულ ინტერვიუში დიპლომატი ამბობს, რომ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება საკუთარი პრინციპებისა და ღირსების კარნახით, ჯერ კიდევ მაშინ მიიღო, როდესაც რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღეს.

"პრინციპისა და ღირსების საკითხია. მოვუწოდებ, ეს კანონპროექტი გაიწვიონ. არ მინდა პოლიტიკურ დებატებში შესვლა და ოპოზიციაში ქულების დაწერა. მე საჯარო მოხელე ვარ და არ მაქვს სიმპათიები, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ. ვამაყობ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დინამიურობით, "უცხო ქვეყნის აგენტად" გამოცხადება, მათ შესაძლებლობებს შეამცირებს.

2023 წლის მარტში, მე უკვე გამოვთქვი ჩემი უთანხმოება, როდესაც ეს კანონპროექტი პირველად წარადგინეს. მოსახლეობის პროტესტის გამო, მთავრობამ ის უკან გაიწვია", - ამბობს დიპლომატი.

ჯავახიშვილი Le Monde-სთან პირდაპირ ამბობს, რომ "დღეს, ჩვენი ევროპელი მეგობრები გვაკრიტიკებენ, მოსკოვი კი კომპლიმენტებს გვიძღვნის, რაც მისთვის აუტანელია".

"გაუგებარია. რა ინტერესი აქვთ მაშინ, როდესაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მოიპოვა? ფრაგმენტირებული ოპოზიციის ფონზე, ხელისუფლებას არ ჰქონდა მომდევნო საპარლამენტო არჩევნების მოგების პრობლემა. ისინი აგრძელებენ იმის თქმას, რომ სურთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ როგორ იქნება ეს შესაძლებელი, ასეთი კანონით და ჩვენი პარტნიორების გაფრთხილებების მიუხედავად?

დღეს, ჩვენი ევროპელი მეგობრები გვაკრიტიკებენ, მოსკოვი კი კომპლიმენტებს გვეუბნება. ეს ჩემთვის აუტანელია. ჩემმა ქვეყანამ რუსეთისგან უდიდესი ზიანი მიიღო. არ მესმის, როგორ შეიძლება ვიმეგობროთ ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.

თუმცა, არ მგონია, რომ ეს ხელისუფლება პრორუსულია იმ დონემდე, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი რუსეთის ხელში ჩააგდოს", - განაცხადა ჯავახიშვილმა

9 მაისს ქართველმა დიპლომატმა, გოჩა ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს ელჩის თანამდებობას ტოვებს. 

(ტაბულას თარგმანი)

მსგავსი სიახლეები