შსს მინისტრი პრეზიდენტს პასუხობს - "სამწუხაროა, რომ ჭკუას გვასწავლის"

12.05.24 20:54
შსს მინისტრი პრეზიდენტს პასუხობს - "სამწუხაროა, რომ ჭკუას გვასწავლის"

შინაგან საქმეთა მინისტრი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პასუხობს - ვახტანგ გომალაურის თქმით, "დღეს ან ხვალ აქციებზე თუ მომიტინგეებისგან აგრესია წამოვა, შსს კანონის ფარგლებში ძალიან მკაცრად უპასუხებს". 

„ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ პირადად გაათავისუფლა და გამოიყვანა ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც პოლიციელებს ცოცხლად წვავდა, დღეს ჭკუას გვარიგებს და მიგვითითებს რა გავაკეთოთ. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ არასოდეს, ერთ ფაქტს ვერ მომიყვანს ვერც პრეზიდენტი და ვერცერთი მოქალაქე, რომ ჩვენ მომიტინგეების ან გაწევა ან შეზღუდვა პირველებმა დავიწყეთ.

მაგალითად, გუშინ იყო აქცია, სამი წერტილიდან დაიძრნენ, პოლიცია მშვიდობიანად მივეხმარეთ, მივაცილეთ და გზებიც დავუკეტეთ. პოლიცია პირველი არასდროს არ იწყებს ადამიანებთან ფიზიკურ კონტაქტს - მოვუწოდებთ ხოლმე ხშირად - დღესაც და ხვალაც ასე გავაკეთებთ. ჩვენ არანაირი აგრესიის გამოხატვა არ გვინდა და არცა გამოვხატავთ. თუ მომიტინგეებისგან აგრესია წამოვა, ჩვენ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში ძალიან მკაცრად ვუპასუხებთ“, - აღნიშნა გომელაურმა.

 არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება იმისთვის, რომ დააშინოთ საზოგადოება, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სამართალდამცველებს. სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მშვიდობიან მომიტინგეებზე პასუხისმგებლობა სწორედ პოლიციის კისერზეა.  

მსგავსი სიახლეები