რუსეთის წარმომადგენელი უმრავლესობის წევრები პარლამენტში შემოაპარეს და კანონი წუთ ნახევარში დაამტკიცეს - სამადაშვილი
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები "ქართულ ოცნებას" რუსული კანონის არალეგიტიმურად დამტკიცებაში ადანაშაულებენ - "ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდმა სამართალდამცველების საშუალებით ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომაზე დროულად არ შეუშვა.
სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტი "წუთ ნახევარში" ისე დაამტკიცებს, რომ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე არც ჟურნალისტები და არც ხელისუფლების ოპონენტები არ ყოფილან.
გააკეთეს ალყა, შემოაპარეს რუსეთის წარმომადგენელი უმრავლესობის წევრები პარლამენტში და მეორე მხარეს ასევე გააკეთეს პოლიციის კედელი, რომელმაც ჩვენ შეგვაყოვნა და ოპოზიცია არ შემოუშვა დროულად პარლამენტში. მედიის წარმომადგენლებსაც კი არ მისცეს უფლება, რომ კომიტეტზე შესულიყვნენ, რაც არის ყველანაირი პროცედურული დარღვევა. წუთ ნახევარში, ისე რომ ვერ დასხდნენ, დაამტკიცეს ეს კანონი. ეს არის არალეგიტიმური პროცესი", - ამბობს სამადაშვილი.