დიპლომატების წერილი ღარიბაშვილს: "ევროკავშირის დროშის ორჯერ დაწვა პირდაპირი შეტევაა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე"

15.07.21 15:02
დიპლომატების წერილი ღარიბაშვილს: "ევროკავშირის დროშის ორჯერ დაწვა პირდაპირი შეტევაა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე"

მძიმე წერილი ღარიბაშვილის მთავრობას - "ევროკავშირის დროშის ორჯერ დაწვა პირდაპირი შეტევაა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე". 

25 დიპლომატი საქართველოს მთავრობას უგზავნის, სადაც პირდაპირ წერია, რომ ჩრდილი მიადგა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და საქართველოს, როგორც ადამიანის უფლებების დამცველი ქვეყნის, იმიჯს. 

წერილის ავტორები 5-6 ივლისის მოვლენების შეფასებისას აღნიშნავენ, რომ ძალადობა მიუღებელია და პატიება-დაუშვებელი: 

"ნებისმიერ ქვეყანაში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, უსაფრთხოდ შეასრულონ პროფესიული მოვალეობა" - წერენ დიპლომატები. 25 ქვეყნის ელჩი წუხს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საჯაროდ არ მოუწოდა, დაცული ყოფილიყო ღირსების მარშის მონაწილეთა უსაფრთხოება. 

წერილში პირდაპირ წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ აღკვეთა სიძულვილის გაღვივებაზე მიმართული გამოსვლები, არ დაიცვა ჟურნალისტები და აქტივისტები ძალადობისგან.

დიპლომატებმა ღარიბაშვილს და მის მთავრობას შეახსენეს, რომ მედიის და გამოხატვის თავისუფლების ვალდებულებები ქვეყანამ  ასოცირების შეთანხმებით აიღო.

ელჩები ითხოვენ ყველას კანონის სიმკაცრით დასჯას. 

"ბატონო მინისტრო,

მოგმართავთ წერილით, რომ გაგიზიაროთ შეშფოთება დაკავშირებული ბოლოდროინდელ მოვლენებთან, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და  საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი ქვეყნის იმიჯს. ვაღიარებთ რა საქართველოს მთავრობის უფრო ფართო პასუხისმგებლობას, ამ წერილის ასლებს პრემიერ–მინისტრსა და იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებსაც ვუგზავნით.

მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი, საყოველთაო უფლებებია და მათ საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, 5 ივლისს, ლგბტქი+ თბილისი პრაიდის მონაწილეებმა ვერ შეძლეს ამ უფლებებით სარგებლობა, რადგან მათი უსაფრთხოებისთვის გარდაუვალი რისკი შეიქმნა.

კონტრაქციის მონაწილეებმა განახორციელეს ორგანიზებული ძალადობა, რომლის სამიზნე სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები იყვნენ. ორივე ჯგუფის წარმომადგენლების უსაფრთხოების ფიზიკური ხელყოფა საგანგაშო იყო. ამ კონტექსტში შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, უსაფრთხოდ და უვნებლად შეასრულონ თავიანთი სამუშაო. ძალადობა მიუღებელია და მისი პატიება დაუშვებელია. მწუხარებას გამოვთქვამთ ტელეოპერატორის ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული დაღუპვის გამო და დაველოდებით გარდაცვალების მიზეზების დამდგენი გამოძიების შედეგებს.

ვწუხვართ, რომ ხელისუფლებამ საჯაროდ არ მოუწოდა დაეცვათ ისინი, ვინც მშვიდობიანად აღნიშნვდა პრაიდთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ასევე, არ მიიღო სხვა აუცილებელი ზომები, რომ თავიდან აეცილებინა ან აღეკვეთა სიძულვილის გაღვივებაზე მიმართული გამოსვლები.  დაბოლოს, არ უზრუნველყო საკმარისი დაცვა, როდესაც აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდა.

ევროკავშირი და საქართველო იზიარებენ და ერთგულნი არიან პრინციპისა, რომ ადამიანის უფლებები საყოველთაო და განუყოფელია და შეეხება ყველა ადამიანს, განურჩევლად  სექსუალური ორიენტაციისა თუ  გენდერული იდენტობისა. ჩვენ ვიზიარებთ ფუნდამენტურ რწმენას, რომ უნდა დავიცვათ კონსტიტუციით გარანტირებული თითოეული მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და მედიის თავისუფლება. ეს საზიარო ღირებულებები გაცხადებულია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. ეს ღირებულებები გვაერთიანებს და სიამაყის საფუძველსაც გვაძლევს, თუმცა, ასევე, გვავალდებულებს, რომ ვიმოქმედოთ მათ დასაცავად და ისინიც დავიცვათ, ვინც ყველაზე დაუცველია ჩვენს საზოგადოებაში.

ამ ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული აქტიური  რიტორიკა  ეროვნულ უსაფრთხოებასაც უქმნის საფრთხეს და ზრდის დაუცველობას ქართული დემოკრატიისა, რომელიც უკვე დგას დეზინფორმაციით გამოწვეული  მნიშვნელოვანი რისკების  პირისპირ.

ამ ფონის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გადადგათ შემდგომი ნაბიჯები და მიიღოთ შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები. ყველა ძალადობრივი ინციდენტი და დანაშაულებრივი ქმედება ეფექტიანად და სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული და სათანადოდ დასჯილი, კანონის სრული სიმკაცრით. ამასთან, მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, დაიცვას კანონის უზენაესობა და იმოქმედოს მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების  ეფექტიანი პრევენციისთვის მომავალში. ამ ძალისხმევის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს სიძულვილის ენის, სიძულვილის გაღვივებასა და შეუწყნარებლობის აღკვეთაზე მიმართული შემდგომი ქმედებები.

ამავდროულად, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით იმოქმედონ და თავი შეიკავონ  ქმედებებისგან, რომლებიც სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს.

დაბოლოს,  საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ. ეს დროშა განასახიერებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება. დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის." - წერია ევროკავშირის წერილში.