„ოცნების“ განზრახვა ნათელია, დატოვოს ქვეყანა რუსეთის ამარა - ანა ნაცვლიშვილი

15.07.21 17:21
„ოცნების“ განზრახვა ნათელია, დატოვოს ქვეყანა რუსეთის ამარა - ანა ნაცვლიშვილი

საქართველოს შს მინისტრის მისამართით ევროკავშირის ელჩების წერილს ოპოზიციაში აფასებენ. პარტია „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, უცხოელი დიპლომატები ვახტანგ გომელაურს პირდაპირ ეუბნებიან, რომ მან პასუხისმგებლობა დანაშაულებრივი უმოქმედობით ჩაანაცვლა. 

შს მინისტრს, ქვეყნის მთავარ პირს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი და კანონის დაცვა ღიად კიდევ ერთხელ ეუბნებიან, რომ მან ეს პასუხისმგებლობა დანაშაულებრივი უმოქმედობით ჩაანაცვლა. ასევე, ძალიან ხაზგასმულია მასშტაბური  დარღვევა ადამიანის უფლებების და ამის ფონზე ევროპის დროშის დაწვა. თავად „ქართული ოცნება“ მიიღებს ძალიან სერიოზულ ზიანს ამ ყველაფრისგან, მაგრამ სამწუხაროდ, ქვეყანაც იღებს სერიოზულ ზიანს და ამ ზიანზე ერთადერთი და უპირობო პასუხისმგებელი არის მმართველი ძალა. განზრახვა „ოცნების“ არის ნათელი, რომ საქართველო რაც შეიძლება დააშოროს ცივილიზებულ სამყაროს და დატოვოს რუსეთის ამარა, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

25 ქვეყნის ელჩმა საქართველოს შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ერთობლივი წერილით მიმართეს. წერილი 5-6 ივლისის მოვლენებს და ასევე, ევროკავშირის დროშის ორჯერ დაწვის ფაქტს ეხება. უცხოელი დიპლომატები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ აღკვეთა სიძულვილის გაღვივებაზე მიმართული გამოსვლები, არ დაიცვა ჟურნალისტები და აქტივისტები ძალადობისგან. ელჩები  ყველას კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას ითხოვენ.