მკვლელობა გრძელი თმისა და ქოლგის გამო? - რუსთავში 27 წლის ბიჭი მოკლეს, დაჭრილია მისი მეგობარიც

15.07.21 18:11
მკვლელობა გრძელი თმისა და ქოლგის გამო? - რუსთავში 27 წლის ბიჭი მოკლეს, დაჭრილია მისი მეგობარიც

რუსთავში 27 წლის გიორგი აბულაძე მოკლეს. მას სასიკვდილო ჭრილობები გამვლელმა მიაყენა. დაჭრილია მისი მეგობარი, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა მძიმეა. 

ადგილობრივების ინფორმაციით,  მკვლელობაში ბრალდებულს აბულაძისა და მისი მეგობრის გარეგნობა არ მოეწონა, რადგან ერთს გრძელი თმა ჰქონდა, მეორეს კი ქოლგა ეჭირა. 

მომხდარ ფაქტზე პოლიციამ 20 და 35 წლის კაცები დააკავა. პროკურატურამ ორივე მათგანს ბრალდება წარედგინა. 

უწყებაში ამბობენ, რომ ნ.დ.-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და სხვაგვარი ძალადობის, ხოლო გ.ჩ.-ს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე წარუდგინა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 14 ივლისს, რუსთავში, ნ.დ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო, გ.ა.-ს და გ.ბ.-ს მოკვლის განზრახვით, დანით სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად, გ.ა. საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ხოლო, დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გ.ბ. -ს გადარჩენა მოხერხდა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ნ.დ.-ს მიერ განხორციელებული ქმედების დროს მასთან ერთად იმყოფებოდა გ.ჩ., რომლისთვისაც ცნობილი იყო მომხდარი დანაშაულის შესახებ, თუმცა, სამართალდამცავ ორგანოს არ შეატყობინა.

„სამართალდამცველებმა ნ.დ. და გ.ჩ. იმავე დღეს დააკავეს. ნ.დ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვაგვარი ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გ.ჩ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები