გამობრძანდნენ და გვიპასუხონ, რატომ მოხდა სათამაშო ბიზნესისათვის ფულის ჩამოწერა - "ლელოს" განცხადება

16.07.21 12:35
გამობრძანდნენ და გვიპასუხონ, რატომ მოხდა სათამაშო ბიზნესისათვის ფულის ჩამოწერა - "ლელოს" განცხადება

პრემიერ-მინისტრის სკანდალურ ბრძანებას „ლელო“ საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. პარტიის წევრის, საბა ბუაძის, განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება  ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიასთან არის კავშირში, რათა სათამაშო ბიზნესმა აღნიშნული კამპანიის დაფინანსება განაგრძოს. 

მინდა, მოგახსენოთ მთავრობის დადგენილებაზე, რომლის თანახმადაც ირაკლი ღარიბაშვილმა  თბილისში მდებარე კაზინოებს ორი წლის განმავლობაში გაუნახევრა გადასახადი და აჩუქა 5 მილიონი. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლების მიერ ქუჩებში არის ორგანიზებული ძალადობა, როდესაც ჟურნალისტებს ფიზიკურად ესხმიან თავს და გარდაიცვალა ლექსო ლაშქარავა, ეს ხდება მაშინ, როდესაც ხელისუფლება არის დამალული და მედიას უცხადებს ბოიკოტს, მთავრობა ახერხებს, აი, ამ შავ-ბნელი საქმეებისთვის იცლის, მისი დამფინანსებელი სათამაშო ბიზნესისათვის 5 მილიონი ლარის ოდენობის საჩუქარს აძლევს თბილისში მდებარე სამორინეებს. 
ეს არის დადგენილება, რომლის მიხედვითაც 13 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს მთავრობამ თბილისში არსებულ კაზინოებს გაუნახევრა სალიცენზიო მოსაკრებელი და წინასაარჩევნოდ სათამაშო ბიზნესს გადასცა 5 მილიონი იმისათვის, რომ ამ სათამაშო ბიზნესმა და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა ადამიანებმა შემდეგ გააგრძელონ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დაფინანსება. ჩვენ გვაინტერესებს, რა პასუხი აქვს ამაზე „ქართულ ოცნებას“ და ნაცვლად დამალობანას თამაშისა და მედიისთვის ბოიკოტის მოწყობისა, უნდა გამობრძანდნენ ძალიან კონკრეტულად გვიპასუხონ, რატომ მოხდა სათამაშო ბიზნესისათვის ფულის ჩამოწერა და ვის ინტერესში იყო ამ სალიცენზიო მოსაკრებლის განახევრება, -
განაცხადა  ბუაძემ.