ვწუხვარ, რომ მედიატერორისტებს და "თბილისი პრაიდის" წევრებს არ აკავებენ - ფალავანდიშვილი დაკითხვაზე გადაიყვანეს
საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის შემდეგ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერები, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები, განყოფილებაში გადაიყვანეს.
როგორც გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, მის დაკავებას არ აპირებენ და მხოლოდ გამოკითხვისთვის მიდიან.
რაც შეეხება ჩხრეკას, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერი ამბობს, რომ მის საცხოვრებელ სახლში კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოუჩენიათ.
ჩვენ სახლში ვერანაირი კანონსაწინააღმდეგო ვერ ნახეს, ვერც ნივთი და ვერც ნივთიერება. ჩვენ ძალიან კანონმორჩილი ხალხი ვართ, თუ ეს კანონები არ ეწინააღმდეგება ათ მცნებას. ჩვენ პოლიციაში დაკითხვაზე უარს ვაცხადებთ, ჩვენებას მივცემთ სასამართლოს.
გამოვთქვამ წუხილს, რომ არ აკავებენ ძალადობის ინიციატორებს, თბილისის პრაიდს და მედიატერორისტებს. თქვენ უნდა დაგაკავონ. არ მაქვს მოლოდინი, რომ დამაკავებენ, უნდა დაგაკავონ თქვენ, ტერორისტები. იყო ტერორი თქვენი მხრიდან და შეიძლება, ჩვენც მოვმკვდარიყავით, ყველა მომკვდარიყო"- თქვა ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენელმა.