"ოცნების" ხელისუფლებას დასავლელი პარტნიორების ნდობა აღარ აქვს - სამადაშვილი
ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი, ჰელსინკის კომისიის მწვავე შეფასებას სანქციების წინაპირობად მიიჩნევს. მისი თქმით, აღნიშნული განცხადება ნიშნავს იმას, რომ დასავლელ პარტნიორებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ნდობა აღარ აქვთ.
ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ სანქციები უნდა იქნას შემოღებული ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების, თუ ადამიანებთან მიმართებაში, ჰელსინკის კომისია არის სწორედ ის უწყება, რომელიც საკვანძო როლს თამაშობს აი, ამ მიმართულებით. ამიტომ, როდესაც ჰელსინკის კომისია ასეთ მძიმე შეფასებას აკეთებს, ეს არის პირდაპირ განაცხადი, რომ შემდეგი ნაბიჯი უკვე იქნება მათი მხრიდან ისეთი ზეწოლის მექანიზმების შემოღება, რომლისაც ძალიან ეშინია რეალურად ბიძინა ივანიშვილსაც და მის ხელისუფლებასაც. ეს უბრალოდ წითელი ბარათი კი არ არის, ეს არის განაცხადი, რომ ამ ხელისუფლებას არანაირი ნდობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების აღარ აქვს, - ამბობს სამადაშვილი.
აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ქმედებას სამარცხვინოს უწოდებს. აღნიშნულის შესახებ სენატორი „ამერიკის ხმის“ შეკითხვის პასუხად წერს. ბენ კარდინი „ქართულ ოცნებას“ ძალადობრივი ჯგუფების წახალისებისა და ჟურნალისტების დისკრედიტაციის გამო აკრიტიკებს.