აქცია ბათუმში - რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები კლინიკისთვის ლიცენზიის შეწყვეტას აპროტესტებენ
აქცია ბათუმში - რესპუბლიკური საავადმყოფოს ძველი კორპუსის თანამშრომლები სამედიცინო დაწესებულებისთვის მომსახურების ლიცენზიის შეწყვეტას აპროტესტებენ. კლინიკის პერსონალის თქმით, მხოლოდ გეგმიური მიმართულებით მუშაობა კლინიკის შემოსავლებს შეამცირებს, რაც მათ ხელფასზე ნეგატიურად აისახება, თანამშრომლების ნაწილი კი საერთოდ უმუშევარი დარჩება. მერსონალის განცხადებით, უმუშევრობის საფრთხე რამდენიმე ასეულ ადამიანს ემუქრება.
წლებია აქ ვმუშაობთ, არსად წავსულვართ ამ კლინიკიდან, ეხლა კი აღმოჩნდა, რომ 500-მდე ადამიანი შეიძლება უმუშევარი დარჩეს, ურგენტულ პაციენტებს ვეღარ მივიღებთ, შემოსავალი საერთოდ შეგვიმცირდება, ან უმუშევარი დავრჩებით, გვეუბნებიან კოვიდსასტუმროებში გადაგიყვანთო, ეს ჩვენ არ გვაკმაყოფილებს, -ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აქციის მონაწილეების პროტესტს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი პასუხობს. ნინო ნიჟარაძის განცხადებით, პირველი ივლისიდან მთავრობის დადგენილების საფუძველზე გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების სერვისებზე საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაფინანსება შეუწყდა ყველა კლინიკას, რომელიც სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. მისი თქმით, კლინკების ნაწილმა ეს პრობლემა გამოასწორა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებიდან ყველა ის კლინიკა ჩაიხსნა, რომელიც სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. მათ შეუძლიათ გააგრძელონ გეგმიური სამედიცინო მომსახურება, იმ ფინანსური დანაკარგის ასანაზღაურებლად კი რაც ამ პროცესმა გამოიწვია, ჩვენ ვთავაზობთ პერსონალს კოვიდ სასტუმროებში დასაქმებას, მას შემდეგ კი, როცა რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსი კოვიდკლინიკიდან ჰიბრიდულ მიმართულებაზე გადავა, ეს პერსონალი აქაც დასაქმდება, ამიტომ უმუშევრობა არც-ერთ მათგანს არ ემუქრება, -განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.