ამოვიცნობ ერთს, ვინც ხელმძღვანელობდა ჩემი დასჯის ოპერაციას - დავით ქაცარავა წამების დეტალებზე

16.05.24 21:24
ამოვიცნობ ერთს, ვინც ხელმძღვანელობდა ჩემი დასჯის ოპერაციას - დავით ქაცარავა წამების დეტალებზე

 

"ამოვიცნობ ერთს, ვინც ხელმძღვანელობდა ჩემი დასჯის ოპერაციას" - ამის შესახებ "რეაქციაში" დავით ქაცარავა საუბრობს და ამბობს, რომ პარლამენტთან, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა გაიტაცა, მას 5-ჯერ სცემეს, ამავდროულად ძალიან მჭიდროდ ჰქონდა ხელები უკან შეკრული.

ქაცარავას თქმით, ყველას, ვინც მას ფიზიკურად უსწორდებოდა, სახეზე ნიღაბი ჰქონდა, თუმცა ამბობს, რომ ერთ-ერთის ამოცნობა შეუძლია, რომელიც მასზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას სავარაუდოდ, მეთაურობდა. ქავარავას თქმით, ამ პირის ამოცნობა ფიზიკური აღნაგობიდან გამომდინარე შეუძლია, რადგან წინა დღეებში დარბევის დროს ის ნანახი ჰყავს პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან, სადაც ეს ადამიანი "მოძრაობდა მწყობრის წინ და მეთაურობდა".

ამოვიცნობ ერთს, რომელიც გამოირჩეოდა თავისი ფიზიკური მონაცემებით, მასხსოვს ეს ადამიანი პირველ დარბევაზე, პირველ დღეს რომ გაზი შემასხეს და ცუდად გავხდი, იქ მოძრაობდა ეს ადამიანი, მწყობრის წინ და მეთაურობდა, ზუსტად ეს ადამიანი იყო ერთ-ერთი, ვინც ხელმძღვანელობდა ჩემი დასჯის ოპერაციას და მე მას ფიზიკურად, კონსტიტუციურად ამოვიცნობ, თუმცა სახეზე, სამწუხაროდ, მას ნიღაბი ჰქონდა, ვიცი, ვინ არის და შემდეგ აქციებზე შევძლებ მის დანახვას. ის, რაც გააკეთეს ჩემთან მიმართებით, უკვე იურისტებმა მისცეს წამების კვალიფიციკაცია," - ამბობს ქაცარავა.

"ხუთი ცემა იყო, 4 იყო ძალიან ბრუტალური და მეხუთე იყო გამახურებელი, სანამ გამატარეს იმ დერეფანში, იმასთან შედარებით, რაც შემდეგ 4 ცემის დროს მოხდა, მარტივი გასეირნება იყო," - ამბობს ქაცარავა და ყვება, რომ ერთადერთი, ვისგანაც თანადგომა იგრძნო - პატრულის თანამშრომლები იყვნენ.

"რეალური თანადგომა ვიგრძენი პატრულის თანამშრომლებისგან" - ამბობს ქაცარავა.

დავით ქაცარავას თქმით, მას სასტიკად გაუსწორდნენ და ანგარიშსწორებისას მას ეუბნებოდნენ, თუ რატომ იყო ის აქციაზე და რატომ დადიოდა საოკუპაციო ხაზთან.

საკმაოდ მძიმე დაზიანებები მაქვს, ძვალი ფაქტობრივად არ არსებობს, თვალ-ბუდის ძვლის მაგივრად ჩაყენებულია ტიტანის პლასტი და მას უჭირავს თვალი, ჩამტვრეულია ზედა ყბა, დიდი ჰემატომები მაქვს, ძალიან მძიმე ტვინის შერყევა, მაგრამ ძალიან მალე გამოვჯანმრთელდები და მალე დავბრუნდები საპროტესტო აქციაზე და დავუბრუნდები საოკუპაციო ხაზს - სწორედ ეს ორი ფაქტორი იყო გამოყოფილი იმ ჯალათების მიერ, რომელმაც ეგზეკუცია ჩამიტარეს, რომლებიც ამაზე აკეთებდნენ აქცენტს, რა გინდა, რატომ დადიხარ იმ საოკუპაციო ხაზთან, რატომ ხარ ამ აქციაზე და ყველაფერი იყო გაფორმებული ძალიან შეურაცხმყოფელი გინებით,“ - ამბობს დავით ქაცარავა.

დავით ქაცარავას თქმით, ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება ქვეყანაში, მსგავსი ანგარიშსწორებები აჩვენებს, რომ ხელისუფლება სისტემურ დანაშაულს ჩადის.

სამწუხაროდ, თვალს ვადევნებთ სისტემურ დანაშაულს ხელისუფლების მხრიდან, რომელიც რუსული კანონის მიღების პროცესში ფაქტობრივად, გარდაიქმნა რუსულ დიქტატორულ რეჟიმად, რომელიც დღეს საქართველოს მართავს რუსული წესებით და ინსტრუქციებით.
ადრეც გაჟღერებულა ინფორმაცია, რომ ფსბს და გრუ-ს თანამშრომლები ჩამოდიოდნენ და ატრენინგებდნენ შესაბამისი სტრუქტურების თანამშრომლებს და ხელმძღვანელობდნენ გარკვეული ტიპის ხელისუფლებას.

ეს ხელისუფლება დღესდღეობით უკვე გადაიქცა რუსულ დიქტატორულ რეჟიმად და ყველაფერს აკეთებს ისე, როგორც ამას აკეთებს რუსეთი თავის „საუკეთესო ტრადიციებში“ და ეს ყველაფერი საბოლო ჯამში ემსახურება თავისუფალი საზოგადოების დასახრჩობად, მოსაკლავად, გასაგუდად, ნებისმიერი ტექმინი მიესადაგება ამას, რაც ხდება ჩვენთან.
ის, რა სისასტიკითაც უსწორდება ხელისუფლება მშვიდობიან მომიტინგეებს, მიუთითებს, რომ ხელისუფლება გადასულია ტერორზე, დაშინებაზე და საბოლოო ჯამში, რომ საზოგადოება ჩაჩუმდეს,“ - ამბობს ქაცარავა.

მსგავსი სიახლეები