უცნობი ბანდა მშვიდობიან მომიტინგეებს "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა - ოკმელაშვილი

17.05.24 12:28
უცნობი ბანდა მშვიდობიან მომიტინგეებს "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა - ოკმელაშვილი

"მგონია, რომ ჩემს თავს და გარშემო ხალხს ვიცავდი", - ამის შესახებ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა გიორგი ოკმელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ამ წუთებში სასამართლოზე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

ოკმელაშვილის თქმით, ნარკოტიკი, რომელიც მისი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს, 2 წლის წინ, კლუბში აჩუქეს.

იმ დღეს, რუსულ კანონს მშვიდობიანად ვაპროტესტებდით. პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა ნიღბებით და მშვიდობიან მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ". თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა და ხელს ვკრავდი. პატივცემულს ბოდიშს მოვუხდი, თუმცა, მანამდე ალექსანდრესგან [დაზარალებული პოლიციელი] ძალიან დიდი - არაპროპორციული ძალის გამოყენება იყო. მგონია, რომ ჩემს თავს და გარშემო ხალხს ვიცავდი.

რაც შეეხება ნარკოტიკს, ეს ნარკოტიკი ერთ-ერთი კლუბის შესასვლელში, 2 წლის წინ მაჩუქეს და რადგან მომხმარებელი არ ვარ, თაროზე მედო, დამავიწყდა", - განაცხადა ოკმელაშვილმა.

ანტირუსულ აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებულ მამაკაცს ბრალი დაუმძიმეს. ოკმელაშვილს პოლიციელზე თავდასხმის გარდა, ნარკოტიკული ნივთიერების შენახავს ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებებს ოკმელაშვილის სახლში მიაგნეს.  

მსგავსი სიახლეები