ჩვენი ვიზიტი იყო საჭირო, მართლაც ზარის შემოსაკვრელად და წითელი ალმის ასაწევად - ლანდსბერგისის გზავნილები

17.05.24 13:01
ჩვენი ვიზიტი იყო საჭირო, მართლაც ზარის შემოსაკვრელად და წითელი ალმის ასაწევად - ლანდსბერგისის გზავნილები

"თუკი შენი მიზანია წახვიდე არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც არ მოგწონს იმიტომ, რომ ისინი სვამენ შენთვის არამოსაწონ შეკითხვებს, ეს არადემოკრატიულია და შეუსაბამოა ევროპულ სტანდარტებთან," - ამ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი "რადიო თავისუფლებასთან" აკეთებს.

ლანდსბერგისის შეფასებით, "ოცნების" დამტკიცებული კანონი გამჭვირვალობას არ ემსაურება. 

ლანდსბერგისი თავის ესტონელ, ლატვიელ და ისლანდიელ კოლეგებთან ერთად 15 მაისს ერთი დღით, "აგენტების კანონზე" შეხვედრების გასამართავად ეწვია თბილისს, შეხვდა ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და დღის ბოლოს აქციაზეც იმყოფებოდა.

მისთვის სრულიად ნათელია, რომ „ერთადერთი და რეალური ომის პარტია არის მოსკოვში, მან წამოიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ და ჯერაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი“ და რომ „აგენტების კანონი“ არა გამჭვირვალეობაზეა, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროებას ისახავს მიზნად.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ჩამოვიდნენ ისინი თბილისში და რა გზავნილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, ლანდსბერგისი ასე ხსნის:

გვსურდა იმის თქმა, რომ ეს სერიოზული საკითხია. გულწრფელად რომ გითხრათ, დღევანდელი საუბრების დროს რამდენჯერმე მიგვანიშნეს, რომ, აი, ევროპამ აწია ყვითელი, ნარინჯისფერი თუ კიდევ რაღაც ფერის ალამი იმის სათქმელად, რომ ეს არასწორია, რომ არასწორი მიმართულებით სვლაა და ამას არაფერი მოჰყვა. ვფიქრობ, ამან შექმნა ერთგვარი წარმოდგენა - გარკვეული პერსპექტივიდან ევროპა შესაძლოა ჩანდეს თვითკმაყოფილად. ისე მოჩანს, რომ მაინც არაფერი მოხდება: ადამიანები ილაპარაკებენ, უკმაყოფილებას გამოხატავენ და შემდეგ ყველაფერი ჩაწყნარდება. ამიტომ, ჩვენი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იყო იმის თქმა, რომ შესაძლებელია წარსულში ყოფილიყო ასეთი აღქმა და ამგვარი შთაბეჭდილება შესაძლოა დიდწილად უკავშირდებოდეს...

ჩვენი ვიზიტი იყო საჭირო, მართლაც ზარის შემოსაკვრელად და წითელი ალმის ასაწევად, ყველაზე მკაფიო წითლისა, როგორის წარმოდგენაც შესაძლებელია, იმის სათქმელად, რომ შესაძლებელია ეს მოხდეს. რომ შენ მართლაც შეიძლება მიიღო საბედისწერო გადაწყვეტილება, რომელიც ლიანდაგიდან გადაიყვანს მთელ ძალისხმევას, რომელიც შენ, შენმა წინამორბედმა მთავრობამ, ხალხმა, ევროპაში შენმა მხარდამჭერებმა გასწიეს. - ამბობს ლანდსბერგისი.

კითხვაზე "თქვენ მოელით ამ კანონის უკან გატანას და არა მისი შეცლილი სახით, შესწორებებით შემობრუნებას, არა?", ამბობს, რომ ეს მთავრობის განზრახვაზეა დამოკიდებული.

თუკი ეს არის გამჭვირვალეობა, რომელიც მთავრობას სურს, ამის მისაღწევად არსებობს ევროპული გზები, რაშიც ევროკომისიას, ლიეტუვის მსგავს პარტნიორ ქვეყნებს შეუძლიათ დაგეხმარონ. მაგრამ, თუკი შენი მიზანია წახვიდე არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც არ მოგწონს იმიტომ, რომ ისინი სვამენ შენთვის არამოსაწონ შეკითხვებს, ეს არადემოკრატიულია და შეუსაბამოა ევროპულ სტანდარტებთან," - ამბობს ლანდსბერგისი.

რაც შეეხება, საქართველოს მთავრობის მიზნებს, რა შთაბეჭდილება რჩება ლანდსბერგის გამართული შეხვედრების შემდეგ, კითხვაზე - "რა არის „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიზანი? რას ფიქრობთ დღეს, ყველა ამ შეხვედრის შემდეგ?", მინისტრი ამბობს, რომ საქართველო გზაგასაყარზეა.

ლანდსბერგისისთვის შემაშფოთებელია ის, რაც თბილისში ხდება - სასტიკი ძალადობა და მოქალაქეების დაშინება, რაც მისი თქმით, უნდა შეწყდეს.

მე არ მინდა სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხაზების გადაკვეთა. საქართველოს მთავრობას აქვს მანდატი თავისი ხალხისგან, რაც აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ. შესაბამისად, მათი გადასაწყვეტია, როგორ შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს, რომლებიც დაეკისრათ არჩევნებით, კონსტიტუციით, მათ მიერვე გაკეთებული საჯარო დაპირებებით. ეს მათი გადასაწყვეტია.
ჩვენ იმის თქმა გვინდა, რომ ახლა დგახართ გზაჯვარედინზე. ირჩევთ ან ერთ გზას, ან მეორეს. ერთ გზას მიჰყავხართ ევროპული თანამეგობრობისკენ, მეორე გაახლოებთ რუსეთთან. ჩემთვის ეს არის ნათელი. თუმცა, მე არ ვარ ქართველი პოლიტიკოსი.

ნამდვილად შემაშფოთებელია, რაც ქუჩაში ხდება - დაშინებისა და სისასტიკის შემთხვევები. ეს უნდა შეწყდეს! დაშინებები ორკესტრირებულია. ეს არ არის შემთხვევითი ფაქტები, რომლებიც აქა-იქ ხდება," - ამბობს ლანდსბერგისი.

ლანდსბერგისის თქმით, პასუხისმგებლობა სრულად ხელისუფლებას ეკისრება - "თუკი საქართველოს არ შეუძლია მორიგი ნაბიჯის გადადგმა ევროპისკენ, ეს ამ მთავრობის კისერზეა".

იმ ფორმით და იმ სახით, როგორც ახლაა წარმოდგენილი და იმ მიზნებით, რომელიც მას აქვს, შეუსაბამოა საქართველოს ტრანსატლანტიკურ ამბიციასთან. ეს არის ნომერი პირველი საკითხი და ეს არის საქართველოს ახლანდელი მთავრობის პასუხისმგებლობა. თუკი საქართველოს არ შეუძლია მორიგი ნაბიჯის გადადგმა ევროპისკენ, ეს ამ მთავრობის კისერზეა, ვინაიდან ეს მათი გადაწყვეტილებაა, მათ გააკეთეს ეს და ეს მათი პასუხისმგებლობაა.
გულწრფელად რომ გითხრათ, ზოგიერთ მათგანთან შეხვედრისას საგრძნობი იყო, რომ აქვთ სხვადასხვა ხარისხის უხერხულობის განცდა, ასე ვიტყოდი.
როცა ბატონი ივანიშვილის გამოსვლა მოვისმინე, ეს იყო ერთ-ერთ ყველაზე გულსატკენი მომენტი, იმის გათვალისწინებით - როგორ აღვიქვამ მე საქართველოს. მართლა მტკივნეული იყო მისი მოსმენა," - ამბობს ლანდსბერგისი.

რაც "ქართული ოცნების" პროპაგანდისტულ გზავნილებს, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს, ლანსბერგისისთვის ეს ნარატივის სევდისმომგვრელია და კრემლში გახმოვანებული გზავნილების მსგავსი.

სევდისმომგვრელია, ვინაიდან ეს ნარატივი ყოველ ჯერზე კრემლისგან გვესმის. გარკვეული ადამიანები ამ ნარატივს ჩვენს საზოგადოებებშიც ავრცელებენ. უმრავლეს შემთხვევაში, ესენი არიან აგრესიულად ანტიუკრაინული განწყობის მქონე, პრორუსი ადამიანები და სამწუხაროა, როცა აქაური მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან გესმის იგივე, რადგან ერთადერთი და რეალური ომის პარტია არის მოსკოვში, მან წამოიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ და ჯერაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი," - ამბობს მინისტრი.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრას, მათ შორის შალვა პაპუაშვილთან, რის შემდეგაც მინისტრების ნაწილს მოუწია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის უარყოფა, ლანდსბერგისი ამბობს, რომ შეხვედრები მარტივი არ იყო, თუმცა აქვე განმარტავს, რომ სახელისუფლებო გუნდის ზოგიერთ წარმომადგენელს აქვს "სხვადასხვა ხარისხის უხერხულობის განცდა".

გულწრფელად რომ გითხრათ, ზოგიერთ მათგანთან შეხვედრისას საგრძნობი იყო, რომ აქვთ სხვადასხვა ხარისხის უხერხულობის განცდა [იცინის], ასე ვიტყოდი. [„ქართული ოცნების“] ზოგიერთ წარმომადგენელს აქვს, როგორც იტყვიან, ძლიერი თვითრწმენა თავიანთ ქმედებებში - რომ, რასაც აკეთებენ, სწორია და ცვლილება არ სჭირდებათ, სხვებს - მაინცდამაინც არა. ეს არის ერთადერთი განსხვავება, რისი თქმაც შემიძლია. თუმცა, დიდ საიდუმლოს არ გავამხელ, თუ ვიტყვი, რომ ეს არ იყო მარტივი შეხვედრები," - თქვა ლანდსბერგისმა.

რა გზავნილებით ჩავლენ მინისტრები ბრიუსელში, ამაზე ლანდასბერგისი ამბობს, რომ რამდენიმე კვირაში საქართველოს საკითხზე ისევ იმსჯელებენ და აუცსნიან, რაც მოისმინეს საქართველოში და ისაუბრებენ იმაზე, რა შეიძლება მოხდეს, თუ კანონი ძალაში შევა - "ავუხსნით რატომ უნდა ასე ძალიან საქართველოს მთავრობას ამ კანონის მიღება."

ძირითადად, ავუხსნით, რაც აქ მოვისმინეთ. უკვე ვთქვი, რომ ეს იქნება გზავნილი სამოქალაქო საზოგადოებისგან მათი ღელვის, მათი მოლოდინების შესახებ; აგრეთვე იმის შესახებ, როგორ ეპყრობიან მათ - ვისაუბრეთ მათ მიმართ სისასტიკეზეც. გარდა ამისა, ცოტათი მეტად ავუხსნით ჩვენს პარტნიორებს ევროპაში იმას, სინამდვილეში რა შეიძლება მოხდეს, თუკი კანონი იქნება დამტკიცებული და რატომ უნდა ასე ძალიან საქართველოს მთავრობას ამ კანონის მიღება. ვფიქრობ, ეს უნდა ითქვას, ამას სჭირდება გამეორება. და კიდევ, რაც უნდა გავაკეთო, ამაზე კოლეგებსაც ვესაუბრე - რამდენიმე კვირაში ისევ შევხვდებით ერთმანეთს ბრიუსელში, ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებთ," - ამბობს ლანდსბერგისი.

მსგავსი სიახლეები