გადადგეს პრემიერი! დაისაჯონ მოძალადეები! - ჟურნალისტებმა მთავარი პროკურორის სახელზე სარჩელი შეიტანეს
გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა აიღოს! - გენერალურ პროკურატურასთან მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეკრებილებმა ირაკლი შოთაძის სახელზე სარჩელი შეიტანეს. ჟურნალისტები „ალტ ინფოს“ ეთერში გაკეთებულ მუქარის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით და ასევე, ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებზე, გამოძიების დაწყებას ითხოვენ.
მედიის წარმომადგენლების განცხადებას 200-ზე მეტი ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტორეპორტიორი აწერს.
უნდა დაისაჯოს ყველა, ორგანიზატორიც, შემსრულებელიც, ყველა, ვინც ამ ძალადობაში და სპეცოპერაციაში იყო ჩართული. დღეს რომ დაიწყეს სახლების ჩხრეკები, დღეს რომ გააქტიურდნენ, ამდენი ხანი ეძინათ? მარტო ლექსოს ურტყამდა იმ დღეს იმდენი ადამიანი, რომ ამდენი კაცი დაჭერილიც კი არ ჰყავთ ამ წუთამდე. ახლა იცით, რატომ დაიწყეს ეს სახლების ჩხრეკები და გააქტიურება? იმიტომ, რომ სახეზეა უმწვავესი საერთაშორისო რეაქციები, ჰელსინკის კომისიამ სამარცხვინოები ეძახა, - ამბობს ჟურნალისტი და გადაცემა „რეაქციის“ წამყვანი, ინგა გრიგოლია.