საგამოძიებო მოქმედებები სავალდებულოა, მაგრამ არასაკმარისი - ოპოზიცია

16.07.21 17:31
საგამოძიებო მოქმედებები სავალდებულოა, მაგრამ არასაკმარისი - ოპოზიცია

მოჩვენებითი და ფასადური რეაგირება- ასე აფასებენ ოპოზიციაში ბოლო დღეებში ხელისუფლების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ შსს მინისტრი საგამოძიებო ღონისძიებებით ცდილობს, შეაგროვოს არგუმენტები, რომელიც მას პარლამენტში გამოსვლის დროს გამოადგება კრიტიკულ კითხვებზე საპასუხოდ. თუმცა, მათი მტკიცებით, დასავლეთის განცხადებები არა მარტო მოძალადეების დასჯას გულისხმობს, არამედ, ძალადობის წამხალისებლის დასჯას, რომელთა შორის პირველი არის პრემიერი. 

ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი, აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ფასადური ღონისძიებები ქართული და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგად დაიწყო. 

რასაც დღეს ვხედავთ, რომ გააქტიურეს საგამოძიებო მოქმედებები, ეს უკავშირდება რამდენიმე ფაქტორს, ესაა მწვავე საზოგადოებრივი პროტესტი, მაგრამ ასევე მწვავე საერთაშორისო რეაგირება, რაც ჩვენ ვნახეთ. ილუზია აქვთ, რომ ამით გაანეიტრალებენ იმ მწვავე შეკითხვებს, რაც ბატონ გომელაურს პარლამენტში ელოდება - ამბობს სალომე სამადაშვილი.

,,სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, აცხადებს, რომ ხელისუფლება მოძალადეების ოფისში იმ მასალებს ეძებს, რომელიც თავად მიიტანა. 

დამერწმუნეთ, რაც მოსაძებნია, ისევ მათივე მიტანილია მათივე ოფისებში. გომელაურისა და ,,ქართული ოცნების" მიტანილია და განხორციელებულია ყველაფერი. რას ეძებენ? კარგად იციან, რა არის იმ ოფისებში, ვისგან ფინანსდება ეს მედიასაშუალებები, თავიანთი აგრესიული რიტორიკით. ,,ქართული ოცნება" თანამონაწილეა და შესაბამისად, ეს საჩვენებელია, მეტი არაფერი - ამბობს გიორგი ვაშაძე.

ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ ფასადური ღონისძიების მიუხედევად კრიტიკულ კითხვებს ვერ გაექცევა შსს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, რომელიც კვირას პარლამენტშია დაბარებული.