რუსული კანონის მიღების გამო კონგრესმენი ჯო უილსონი ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირებას ითხოვს
აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელი ჯო უილსონი საქართველოში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ კანონპროექტის წარდგენას გეგმავს. საუბარია "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის მიღებაზე, რამაც ქვეყანაში უპრეცედენტო პროტესტი გამოიწვია.
კანონპროექტი ხელისუფლების იმ წარმომადგენლების დასანქცირებას გულისხმობს, რომლებიც რუსული კანონის მიღებაზე არიან პასუხისმგებელნი. უილსონი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონის მიღება მიზნად ოპოზიციური ჯგუფების, არასამთავრობოების და მედიის გაჩუმებას ისახავს.
„ ვითარება საქართველოში გულსატკენია. ქართველი ხალხი თავისუფლების განსახიერებაა და აგრძელებს ამერიკელების შთაგონებას. სამწუხაროდ, პრორუსული [ქართული ოცნების] მთავრობა ეწინააღმდეგება პატრიოტ ქართველებს, რომლებიც უარყოფენ ცხოვრებას კრემლის ბნელ საუკუნეებში. თავისუფლებისმოყვარე ქართველების რეპრესიები უნდა შეწყდეს. აშშ მტკიცედ დგას დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებების დაბრუნების მოწოდებაში, - განაცხადა უილსონმა The Hill-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.