საქალაქო სასამართლოში დღეს 54 აქტივისტის საქმეა ჩანიშნული - ახალგაზრდები დაშინების მცდელობაზე საუბრობენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის მოწინააღმდეგეების პროცესები დაიწყო. დღეს 54 ადამიანის სასამართლოა ჩანიშნული. ყველას მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევას ედავებიან. საუბარია საავტომობილი გზის გადაკეტვაზე.
აქციის 54 მონაწილის საქმე კლანის წევრ სამ მოსამართლეზეა გადანაწილებული. სუაბარია შერბაკოვაზე, ჩაგუნავასა და ჩიკაშუაზე. თუ სასამართლო კანონის დარღვევას დაადგენს, რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს ან 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა ან 15 დღით პატიმრობა ემუქრებათ.
აქტივისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ხელისუფლება ახლა მათ დაშნებას ცდილობს.
მედავებიან 24 აპრილს გზის ხელოვნურად გადაკეტვას. კადრები რაც აქვთ მოწოდებული, ჩემს გარდა იქ ათასობით ადამიანია, ძალიან ბევრნი ვართ, არ ვიცი ხელოვნურად გადაკეტვაში რას გულისხმობენ. დაშინებას ემსახურება მხოლოდ აქტივისტების. ჰგონიათ, რომ ამით შეაშინებენ და აღარ გამოვა ხალხი. მინდა ვუთხრა ყველას, რომ „არ გვეშინია!“, - ამბობს აქტივისტი.
დაშინების მცდელობაზე საუბრობს კიდევ ერთი აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე.
შეუძლებელია საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები დააშინონ რუსეთიდან მართულმა ვიღაცეებმა, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს გადაწყვეტილი აქვთ, ამ ადამიანებმა მტკიცედ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაიცვან ქვეყნის ინტერესები, იმ ქვეყნის ინტერესები, რომლის ხელისუფლებაც იცავს კრემლის ინტერესებს, - ამბობს შუშანა მაცაბერიძე.
ადვოკატი კი ამბობს, რომ ხელისუფლებამ საბჭოთა დროინდელი მუხლი გააცოცხლა. ინტერესების დამცველი ირწმუნება, რომ საქმეები პოლიტიკურია და სამართალთან კავშირი არ აქვს.
ეს არის ახალი მუხლი, რომელიც ამოქმედებულია და რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. იმ გარემოებებში, როდესაც ათასობით ადამიანი იყო, როგორ შეიძლებოდა, მათ ხელოვნურად გადაეკეტათ გზა? ეს წარმოება არის პოლიტიკური, არაფერი კავშირი არ აქვს სამართალთან. ადმინისტრაციული წარმოება არის საბჭოთა კოდექსით. მკვდარი კანონებია, მკვდარი მუხლებია და დღეს გააცოცხლეს, - ამბობს ადვოკატი.