სანქცირებას დაქვემდებარებული პირების არეალი გაიზარდა - ბადრი ჯაფარიძე

16.07.21 18:58
სანქცირებას დაქვემდებარებული პირების არეალი გაიზარდა - ბადრი ჯაფარიძე

,,ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის, განცხადებით, მისი ამერიკაში ვიზიტის დროს საუბარი იყო მოსამართლეთა სანქცირების საკითხზე, დღეს კი სანქცირებულთა არეალი შესაძლოა, გაიზარდოს.

,,ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის, განცხადება არის მკაფიო მითითება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან სანქციების მოხსენიება უნდა იყოს სერიოზულად აღქმული" - ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ასევე მისგან ცალსახად ხაზგასმულია, რომ არანაირი ზეპირსიტყვიერი შეთანხმებები არ ყოფილა და ეს არის ტყუილი. არაერთხელ იყო „ქართული ოცნებისთვის“ მითითებული, რომ მათი მცდელობა, თავის ინტერპრეტირება მოახდინონ შეთანხმებაში მკაფიოდ ასახული ვალდებულების, ვერ მიაღწევს შედეგს და აუცილებლად მოჰყვება რეაქცია სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. მე როცა ვიყავი ვაშინგტონში, მაშინ მოგახსენეთ, რომ დაიძრა თემა მოსამართლეების შესაძლო სანქცირების შესახებ, ახლა როგორც ჩანს, ეს არეალი შესაძლო სანქცირებადი პირების გაიზარდა - განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების" საპასუხო განცხადება უსუსურია და სერიოზულად ვერ განიხილება.

არასერიოზულია, რომ თურმე გარკვეული ჩინოვნიკების, სტრატეგიულ პარტნიორების წარმომადგენლების ინფორმაცია არის დეზინფორმაცია და მმართველი გუნდი არის თურმე უმწიკვლო შემსრულებელი შეთანხმების. ამის აღქმა სერიოზულად შეუძლებელია, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო, დასავლური სამყარო, ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია შეთანხმება, საუბარი, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია, სერიოზული განხილვის საგანი ვერ იქნება", - განაცხადა ჯაფარიძემ.