ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი უქმდება - "ოცნების" მორიგი კანონპროექტი
ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი უქმდება, რომელიც საარჩევნო პერიოდში იქმნება - ამის შესახებ კანონპროექტი "ქართულმა ოცნებამ" დაარეგისტრირა. ცვლილებები საარჩევნო კოდექსში არჩევნებამდე 5 თვით ადრე შევა.
ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან ადგილობრივი ექსპერტებისგან შედგება. როგორც "ოცნების" კანონპროექტში წერია, ამ ჯგუფის გაუქმების მიზეზი ისაა, რომ ის რეალურად არ ფუნქციონირებს, რაც კანონპროექტისვე მიხედვით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან ამ ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის სურვილის უქონლობითაა გამოწვეული.
ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე წერს, რომ ამ საკონსულტაციო ჯგუფს, სხვა ფუნქციებთან ერთად, საარჩევნო დავებთან დაკავშირებით ცესკოსთვის რეკომენდაციები უნდა წარედგინა და ასევე, კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესს დაკვირვებოდა.
გარდა ამისა, ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტით, უქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად სრული შემადგენლობის მინიმუმ 2/3-ის მხარდაჭერის აუცილებლობა. ცვლილების მიხედვით, თუ გადაწყვეტილებას მხარი არანაკლებ ორმა მესამედმა არ დაუჭირა, მაშინ საკითხი კენჭისყრაზე ხელახლა გავა და მის მისაღებად მხოლოდ ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა იქნება საჭირო.
როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ეს არის ე. წ. ანტიჩიხური მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს ცესკოს ეფექტიან ფუნქციონირებასა და მისი საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილებას.
კიდევ ერთი ცვლილებით, რომელიც კანონში შედის, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრს, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრს, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც შეყვანილია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს სოციალურ პაკეტს, შრომის ანაზღაურება არ ჩაეთვლება ოჯახის ერთობლივ შემოსავალში და არ შეუწყდება სახელმწიფო დაფინანსება.
რა მოვალეობა ჰქონდა საკონსულტაციო ჯგუფს:
- საკონსულტაციო ჯგუფი არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 წევრის შემადგენლობით უნდა შექმნილიყო და ცესკოს საარჩევნო დავებთან დაკავშირებით რეკომენდაციები წარედგინა.
- ჯგუფი დაკომპლექტებული იყო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისგან და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ექსპერტებისგან.
2021 წელს ორმა ორგანიზაციამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ" (TI) და "სამართლიანმა არჩევნებმა" (ISFED) ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შერჩევის პროცესი დატოვეს. ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ეს პროცესი "ვერ უზრუნველყოფს კვალიფიციური და სანდო ადამიანების კონსენსუსის საფუძველზე შერჩევას".