ჩინოსანი, რომელიც დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის პარტნიორებს, ქართველი არაა - შალვა პაპუაშვილი
,,ჩინოსანი, რომელიც დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის სტრატეგიულ პარტნიორს, ქართველი არაა - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრმა, შალვა პაპუაშვილმა, ,,პალიტრანიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, იგულისხმა თუ არა ჩინოსანში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი.
რა თქმა უნდა, ქართველი ჩინოსანი არ იგულისხმება, სხვა შემთხვევაში, ის ჩვენი გუნდის წევრი იქნებოდა. ჩვენ თავს ვიკავებთ დაკონკრეტებისგან, ჩვენს პარტნიორებს ეხება ეს საკითხი, ეხება მათ იერარქიას და არ გვინდა, რაიმე რეპუტაციული ზიანი მივაყენოთ. ჩვენი აღქმა არის, რომ დამახინჯებით აქვთ ინფორმაცია მიწოდებული. ვფიქრობთ, რომ ეს არის არაკეთილსინდისიერი ქცევა - განაცხადა პაპუაშვილმა.
,,ქართულმა ოცნებამ" უვადო მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით აშშ-ის მწვავე კრიტიკას უპასუხა, სადაც წერია, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს არასწორი ინფორმაცია ცალკეული ჩინოსნების მეშვეობით მიეწოდება.
შემაშფოთებელია, რომ ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ. ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ნებისმიერ დიალოგს, რომელიც სხვადასხვა შიდაპოლიტიკური საკითხის გარშემო მომავალში შეიძლება გაიმართოს". - ნათქვამია ,,ქართული ოცნების" განცხადებაში.