"ოფშორული ზონა კონტროლდება ევროკავშირის მიერ" - "ოცნების" არგუმენტი ე.წ. ოფშორების კანონზე

20.05.24 15:53
"ოფშორული ზონა კონტროლდება ევროკავშირის მიერ" - "ოცნების" არგუმენტი ე.წ. ოფშორების კანონზე

"ოფშორი არის ევროპის იურისდიქციის ქვეშ, ამიტომ იქ არაფერი არ ხდება" - ეს საერთო არგუმენტი აქვს "ქართულ ოცნებას" და ასე ცდილობენ ახსნან ე.წ. ოფშორების შესახებ კანონის დამტკიცება.

"ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება და ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს არგუმენტი არ აქვს ამ კანონის საპირწონედ.

მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ კანონი ივანიშვილზე მორგებული არ არის და 3 ათასზე მეტი ბიზნეს კომპანიაა და ამას ემატება ბიზნესასოციაციები, ვინც თვლის, რომ კანონი სარგებლის მომტანი იქნება.

პრეზიდენტმა ერთი შენიშვნაც ვერ მისცა, ერთი შენიშვნაც არ წერია. არ იყო შენიშვნები. 3300 კომპანია არის, მე მქონდა შეხვედრა, 80 ბიზნესმენი იყო, ათეულობით ბიზნეს ასოციაცია და ყველამ ცალსახად დაუჭირა მხარი, მათ შორის იმ ექსპერტებმაც პირად საუბრებში თქვეს, სწორი ხარ, მაგრამ რა ვქნათ, ასეტი მდგომარეობა არისო,“ - ამბობს პაატა კვიჟინაძე.

საბანკო სივრცეში შავ ფულს არ შემოიტან. ოფშორული ზონა კონტროლდება ევროკავშირის მიერ, ესენი თემაა აწეული, ესენი არაფერს ეთანხმებიან. მე არ ვიცი, ვის უნდა, ივანიშვილი... სამი ათასზე მეტი სავარაუდო ბენეფიციარია. რომ შეგვენელებინა, რა იქნებოდა,“ - ამბობს ბეჟან წაქაძე.

ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი "ქართულმა ოცნებამ" დაჩქარებული წესით 19 აპრილს დაამტკიცა, რომელსაც შემდეგ პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.

ხელისუფლებამ მას შემდეგ დაიწყო სადავო კანონის მიღებაა, რაც პანამის სასამართლოში სკანდალური საქმის განხილვა დაიწყეს. გაჩნდა მოლოდინიც, რომ ვიდრე სკანდალურ საქმეზე პანამის სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, ოლიგარქი ოფშორში შენახულ ქონებას საქართველოსკენ წამოიღებს. 

 

მსგავსი სიახლეები