მძიმე საათები "ოცნებისთვის"- ივანიშვილი რუსული კანონის მიღების გამო სანქციების მოლოდინშია (ოპოზიციის პროგნოზი)
მძიმე საათების ათვლა დაწყებულია - ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი რუსული კანონის მიღების გამო სანქციების მოლოდინშია. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების გარდა, შეზღუდვა შეეხებათ რუსული კანონის მომხრე დეპუტატების ოჯახებს ასევე რუსეთის აგენტებს, მოსამართლეებს და სამართალდამცველებს, რომლებიც მშვიდობიან მომიტინგეებს რუსული მეთოდებით აკავებს და სასტიკად უსწორდება.
დიდი ინტერესით ველოდები პირველად ვისი სახელები და გვარები მოხვდება (სანქცირებულთა სიაში), იქ ძალიან ფართო ჩამონათვალი იყო, ვინ შეიძლება მოხვდეს (სანქცირებულთა სიაში). ეს შეეხება არამარტო იმ ხალხს, რომლებიც არამარტო ეს კანონი დააინფიცირა და მხარი დაუჭირა, არამედ იქ საუბარია, სანქციებისთვის გვერდის ავლაზე, იმათზე ვინც ამ თემაშია ჩართული. საუბარია, ადამიანის უფლებების დარღვევაზე და კონკრეტულად ძალოვან სტრუქტურებზე, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრანტებს არბევს და ფიზიკურად უსწორდება"- თქვა ზურა ჯაფარიძემ.
"დროს" ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით კი არსებული ინფორმაციით, კონგრესში საკანონმდებლო პროცესი სავარაუდოდ რამდენიმე საათში დაიწყება.
ხოშტარია ვარაუდობს, რომ სანქციები კონკრეტულ ჯგუფებზეც გავრცელდება.
ჩამონათვალი ასეთია - კანონმდებლები, პოლიტიკოსები ოჯახის წევრების ჩათვლით, სამართალდამცავები და ის ბიზნესები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულები არიან რუსეთთან და რუსეთის აგენტურულ ქსელთან.
ეს არის უძლიერესი პაკეტი, რომელიც პირველ რიგში მიზნად ისახავს დაიცვას საქართველოს მოქალაქე"- ამბობს ის.
POLITICO-ს ინფორმაციით, აშშ-ში „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებაზე კანონის პროექტი მზადაა.
გამოცემის ინფორმაციით, მათ ნახეს სანქციების კანონპროექტის დრაფტი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ოფიციალურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში რუსული სტილის "უცხოეთის აგენტების" კანონის მიღებაზე, შეიძლება დაემუქროთ აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც აშშ-ის კონგრესს წარედგინება.
გამოცემას წყარო ეუბნება, რომ სამხრეთ კაროლინის შტატის რესპუბლიკელი წარმომადგენელი ჯო უილსონი კანონპროექტს ორშაბათს წარადგენს.
გამოცემა წერს, რომ კანონის პროექტის ტექსტი, რომელსაც ისინი გაეცნენ, აფრთხილებს მმართველ პარტიას და აღნიშნავს, რომ „თბილისი ღიად ესხმის თავს აშშ-ს და სხვა დასავლური დემოკრატიისკენ მიმართულ ორგანიზაციებს ისევე როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, პარალელურად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთთან“.