"დაისაჯონ, ვინც გასცა ბრძანება და ვინც განახორციელა ძალადობა" - ქაცარავა დავის გაგრძელებას სტრასბურგში აანონსებს
სამხარაულის ეროვნულ ბიუროში დავით ქაცარავას ექსპერტიზა დასრულდა. ექსპერტებმა აღწერეს სახისა და სხეულის არეში მიყენებული დაზიანებების ხარისხი. ძალადობის კვალი ანტისაოკუპაციოო მოძრაობის წევრს ზედაპირული დათვალიერებითაც კი ეტყობა.
სამხარაულის დასკვნას ხარებას სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემი ქაცარავა სასამართლოში წარადგენს, ჯერ საქართველოში, შემდეგ კი სტრასბურგში.
მოხდა გარეგანი დათვალიერება იმ დაზიანებების, რაც მე აღმენიშნება სახესა და სხეულზე. ასევე, დათვალიერებასთან ერთად დეტალურად მოვუყევი, რა გარემოებებში მოხდა ჩემზე თავდასხმა და ძალადობა. გულწრფელად, რომ გითხრათ, ობიექტური რაიმე გამოძიების ან საბოლოოდ, სამართლიანი შედეგის დადგომის იმედი არ მაქვს, საბოლოო ჯამში, ალბათ, ეს უფრო სტრასბურგში მოხდება, რომ სიმართლე დადგინდეს და სამართლიანობა აღდგეს და დაისაჯონ ისინი, ვინც გასცა ბრძანება და ვინც განახორციელა ძალადობა,“ - ამბობს დავით ქაცარავა.
სამოქალაქო აქტივისტის ადვოკატი აცხადებს, რომ დაზიანებები მიანიშნებს, რომ სპეცდანიშნულების რაზმის მოძალადე წევრებს დავით ქაცარავას მკვლელობა სურდათ. ადვოკატის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ალტერნატიული საერთაშორისო ექსპერტიზა ჩაატარონ.
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო არის სახელმწიფო ექსპერტიზა და ვნახოთ,კ რამდენად დამოუკიდებელი იქნება ექსპერტი თავის დაკსვნაში, ამას იმიტომ აქვს მნიშვნელობა, რომ თუ არ იქნება ობიექტური და სამართლიანი, ამას გამოვიყენებთ შემდეგ ბერკეტს და აუცილებლად ჩავატარებთ ალტერნატიულ საერთაშორისო ექპერტიზას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის მსუბუქი დაზიანება, ეს არის მძიმე დაზიანებები და ეს არის ერთ-ერთი ნიშანი მკვლელობის მცდელობის,“ - ამბობს მიშა რამიშვილი.
დავით ქაცარავამ, რომელსაც სპეცრაზმი პარლამენტის წინ სასტიკად გაუსწორდა, კლინიკა დღეს დატოვა. მისი მდგომარეობა მძიმეა, ამბობს, რომ ტვინის შერყევის მძიმე ფორმა აქვს და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრისას ყვება, რომ მის გაგუდვას ცდილობდნენ.