"ვეტო მოტივირებულია" - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი "ოცნებას" პასუხობს
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე "ქართულ ოცნებას" საზოგადოების სიცრუეში შეყვანაში ადანაშაულებს - მსხილაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ რუსულ კანონზე დადებული ვეტო პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით გადაეგზავნა.
"სიცრუეა ინფორმაცია, რომ ვეტო მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა პარლამენტს" - ამბობს მსხილაძე და იქვე დასძენს, რომ დოკუმენტში დეტალურადაა ახსნილი, თუ რატომ არის კანონპროექტი რუსული.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი კანონის ერთი დღით ამოქმედებასთან დაკავშირებითაც საუბრობს და აცხადებს, რომ ეს იურიდიული ტექნიკაა, რომლის გარეშეც კანონპროექტის გაუქმება შეუძლებელია.
საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოსდა საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო, რომელიც რუსულ კანონს 18 მაისს დაადო, მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა პარლამენტს - ეს არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
პრეზიდენტის ვეტო არის მოტივირებული შენიშვნებით, მასში აღწერილია კონსტიტუციის 4 მუხლი, რომელიც იღვევა ამ კანონით, არის განმარტებული რატომ არის აღნიშნული კანონი რუსული, მოყვანილია მისი მიღების მოტივაცია და მისი მიღების ფორმა, რომ ეს კანონი ჩვენთვის მიუღებელი და დაუშვებელია.
რაც ეხება კანონში ერთი წინადადების ჩამატებას, რომ კანონი ამოქმედდეს ერთი დღით, ეს არის ჩვეულებრივი იურიდიული ტექნიკა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ კანონი გაუქმდეს. კანონი თუ არ ამოქმედდა, შესაბამისად, მისი გაუქმება შეუძლებელია.
საქართველოს პრეზიდენტის ვეტო - მოტივირებული შენიშვნები ატვირთულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე და გაზიარებული იქნება Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე - ამბობს მსხილაძე.
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტისადმი გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებში წერს, რომ ახალ ვარიანტში „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია ტერმინით "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი", რაც ტერმინ "აგენტის" განმარტებაა.
მისი თქმით, ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 22-ე მუხლს, "გაერთიანების თავისუფლებას":
კანონი აიძულებს ორგანიზაციებს დარეგისტრირდნენ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებად, ანუ აგენტებად. ასეთი თვითაღიარების იძულება იწვევს მათ სტიგმატიზაციას. კანონი ქმნის ყველა პირობას, რომ ორგანიზაციის საქმიანობა შეიზღუდოს და საბოლოოდ, გაუქმდეს“.
პრეზიდენტის შენიშვნებში ასევე წერია, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-15 მუხლს, „პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცის და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს“ - რადგან კანონი აწესებს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების მიწოდების ვალდებულებას, რაც არღვევს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს, რომ მისი პირადი და ოჯახური სივრცე იყოს დაცული ყოველგვარი გაუმართლებელი ჩარევისგან.
„ამ კუთხით კანონი ინტიმიდაციას და შიშის დანერგვას ემსახურება“.
სალომე ზურაბიშვილი ასევე წერს, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-11 მუხლს,„თანასწორობის უფლებას“. მისი თქმით, კანონი დისკრიმინაციულია, რამდენადაც გაერთიანებების მხოლოდ კონკრეტულ სეგმენტს მოიცავს და დაუსაბუთებელია, რატომ განასხვავებს არაკომერციულ ორგანიზაციებს უცხოური დაფინანსების მიღების ნიშნით.
ეწინააღმდეგება 78-ე მუხლს, „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“, რადგან კანონი, წერს პრეზიდენტი, თავისი მიღების ფორმითა და შინაარსით წარმოადგენს რეალურ დაბრკოლებას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.