ვიზალიბერალიზაცია, სამხედრო და სავაჭრო პაკეტი - რა ელოდება საქართველოს აშშ-სგან, თუ ანტიდემოკრატიული კანონზე უარს იტყვის

20.05.24 19:17
ვიზალიბერალიზაცია, სამხედრო და სავაჭრო პაკეტი - რა ელოდება საქართველოს აშშ-სგან, თუ ანტიდემოკრატიული კანონზე უარს იტყვის

სამხედრო და სავაჭრო პაკეტი საქართველოსთვის - აშშ მზად არის საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი დაამტკიცოს, თუ ანტიდემოკრატიული კანონის პროექტი შეიცვლება. ამის შესახებ POLITICO-ს ახალ სტატიაშია საუბარი.

ვაშინგტონი ხელს მოაწერს უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს იმ შემთხვევაში, თუ საართველოს მთავრობა ანტიდასავლურ რიტორიკას არ გააგრძელებს და შეწყვეტს ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას.

კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ კონგრესში ამ კვირაში წარდგენილი კანონპროექტის პირობების თანახმად, აშშ დაიწყებს მოლაპარაკებებს სამხრეთ კავკასიის ქვეყანასთან „მყარი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გასახსნელად, რაც უზრუნველყოფს ძირითად პოლიტიკურ კრიტერიუმებს.

ამერიკულ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასთან ერთად, კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მოითხოვს.

ის ასევე ავალდებულებს ოფიციალურ პირებს შეიმუშაონ საქართველოსთვის სამხედრო მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მოიცავს „უსაფრთხოებისა და თავდაცვითი აღჭურვილობის უზრუნველყოფას, რომელიც იდეალურად შეეფერება რუსეთის აგრესიისგან ტერიტორიული თავდაცვისთვის და თანმხლები წვრთნების, ტექნიკური უზრუნველყოფისა და ოპერაციების მხარდაჭერის ელემენტებს“.

თუმცა, პროგრამა გააქტიურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ დაადასტურებს, რომ „საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი თავისი დემოკრატიის აღორძინების მიმართულებით, რაც მინიმუმ არსებითად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემოთი დასტურდება“.

რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნდა POLITICO-ს კიდევ ერთი სტატია, სადაც საუბარი იყო, რომ უილსონის კანონპროექტი შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებზე, ისევე როგორც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებზე, თუ ისინი დაამტკიცებენ მათ მიერ შემოთავაზებულ რუსული სტილის კანონს "უცხოური აგენტების" შესახებ.

 

მსგავსი სიახლეები