რუსთაველზე ხელოვანების მარში იწყება - სტუდენტები მსვლელობით წულუკიანის უწყებასთან მივლენ
რუსული კანონის წიანაღმდეგ პროტესტი მთელს ქვეყნაში გრძელდება. ეპიცენეტრი ამ წუთებში ქვეყნის მთავარი გამზირია, საიდანაც ხელოვანების მარში დაიწყება. "მსვლელობას ევროპისთვის" კონსერვტორიის, სამხატვრო აკადემიის და თეატრალუი უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან. ბოლო გაჩერება თეა წულუკიანის უწყება იქნება.
ახალგაზრდებს ადგილზე საქართველოს და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ამობეჭდილი აქვთ ასევე მერაბ კოსტავას სიტყვებიც. სტუდენტები ამბობენ, კანონი, რომლის მიღებასაც ხელისუფლება გეგმავს, რეალურად, საზოგადოების კონტროლისკენ არის მიმართული, რაც მათი აზრით, არასწორი და მიუღებელია.
ვთვლით, რომ ის განცხადება, რომელსაც ჩვენმა ხელმძღვანელებმა მოაწერეს ხელი, ემიჯნება და გმობს თავიანთი უნივერსიტეტების სტუდენტების პოზიციას. ვთვლით, რომ ეს არასწორი და უსამართლოა, რადგან სასწავლებელი სტუდენტებს პოზიციას უნდა უჭერდეს მხარს. ჩენ ძალიან კარგად ვიცით და დეტალურად არაერთხელ გვაქვს ეს კანონი წაკითხული და ეს კანონი არ არის გამჭვირვალობისკენ მიმართული. ეს არის მიმართული კონტროლისკენ, - ამბობენ სტუდენტები.
ხელოვანები შიშობენ, რომ რეპრესიები, რომელიც ხელისუფლებამ უკვე დაიწყო, ხელოვანებზეც გავრცელდება.
ჩვენ ვხედავთ, რომ ეს კანონი ჯერ არ ამოქმედებულა და უკვე დაიწყო რეპრესიები. ამის არაერთი მაგალითი დაფიქსირდა უკვე, შესაბამისად, ცხადია, რომ ეს რეპრესიები გავრცელდება ხელოვანებზეც, ხელოვნებაზეც, მაგრამ ხელოვნება რომ ბუნებით ცოცხალი და დამოუკიდებელია, სწორედ ამის შეხსენება გვინდა ჩვენ დღეს თეა წულუკიანისთვის და მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებისგან გაიგოს ეს ხმა და ეს შეძახილი, - ამბობს აქციის მონაწილე.
ხელოვანების მარშის გარდა დღეს თბილისში კიდევ რამდენიმე დემონსატრაციაა დაანონსებული.