"ოცნების“ შემოწირულებები 20-ჯერ შემცირდა - კვლევა
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ბიძინა ივანიშვილის პარტიამ წინა კვარტალთან შედარებით 20-ჯერ ნაკლები შემოწირულება მიიღო.
ამის შესახებ ცნობილი "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" (TI) პოლიტიკური შემოწირულებების კვარტალურ საინფორმაციო ბიულეტენიდან გახდა ცნობილი.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, მმართველმა პარტიამ 2023 წლის IV კვარტალში 10 მილიონ ლარამდე შემოწირულება მიიღო, 2024 წლის I კვარტალში კი ნახევარ მილიონ ლარზე ნაკლები.
ამასთან, "ქართული ოცნების" შემომწირველებს შორის კვლავ ფიგურირებდნენ მრავალმილიონიანი სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების შპს „ცეკურის“ და „ბონდი-2009” მეწილეები, აგრეთვე შემომწირველები, რომლებთან დაკავშირებული კომპანიებიც მსხვილ სუბსიდიებს იღებენ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით.
რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების ჯამურ შემოწირულებებს, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 1 224 111 ლარის შემოწირულება მიიღო, რაც წინა კვარტალის ანალოგიურ მაჩვენებელზე რვაჯერ ნაკლებია. შემოწირულებების 37% „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო - 447 030 ლარი, მეორე ადგილზეა „ლელო“ 445 500 ლარით, ხოლო მესამეზე - „ნაციონალური მოძრაობა“ 170 720 ლარით.