"ოცნების" უარი MEGOBARI Act-ს - რას ამბობს კალაძე

21.05.24 15:10
"ოცნების" უარი MEGOBARI Act-ს - რას ამბობს კალაძე

ოლიგარქის რეჟიმის უარი შტატებს და ქართველი ხალხისთვის წართმეული  კიდევ ერთი შანსი  - "ქართული ოცნება " ამერიკის შეერთებულ შტატებს "მეგობარ აქტზე" უარით პასუხობს და პირიქით პირობებს უყენებს.

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ "ოცნებას" შესაცვლელი არაფერი აქვს და განცხადებები, რომელიც მოდის დასავლეთიდან, აბსოლუტურად აცდენილია რეალობას.

კალაძე ამბობს, რომ თუ სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები სურს, უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.

კითხვაზე, შტატებიდან მოცემული ეს შანსი იქნება თუ არა გამოყენებული? კალაძე პასუხობს: "კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბურთი არის მათ მხარეს"

წარმოუდგენელია, ნორმალურ ქვეყნებში არასამთავრობო ორგანიზაცია კადრულობდეს იმას, რასაც საქართველოში აკეთებენ. კარგად გვესმის, ვისი დაფინანსებით ხდება ეს ყველაფერი, ვინ და რომელი ორგანიზაციები დგას ამ ყველაფრის უკან. ჩვენ ასევე გვიწევს თავის დაცვა და ქვეყნის დაცვა იმ განცხადებებისგან, რომელიც მოდის დასავლეთიდან, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, არის შეურაცხმყოფელი განცხადებები და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან არის პასუხები. თუკი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს აქვს სურვილი იმისა, რომ იყოს უვიზო მიმოსვლა, იყოს თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება, იყოს პირდაპირი ფრენები, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია, მივესალმებით ამ ყველაფერს და ეს არ უნდა დარჩეს უბრალო სიტყვებად, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები და ასევე ის შანტაჟი, რომელიც ევროკავშირის მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით ხდება, ესეც მიუღებელია. გადაიდგას კონკეტული ნაბიჯები", - ამბობს კალაძე.

ივანიშვილის გუნდი აშშ-ის კონგრესში შესულ საქართველოს შესახებ ინიციატივას ერთიდღიანი ფიქრის შემდეგ ვრცელი წერილით ეხმიანება. ივანიშვილის გუნდმა აშშ-სთან უვიზო მიმოსვლის წინადადებას "ბუნდოვანი პერსპექტივა" უკვე უწოდა. 

"საქართველოს ისევ შანტაჟის ენით ელაპარაკებიან" - წერს "ოცნება" MEGOBARI აქტის ინიციატივის საპასუხოდ.

ივანიშვილის გუნდი ვრცელ წერილში ამტკიცებს, რომ "ახალმა კანონპროექტმა ქართველ რადიკალებს უკვე შეუქმნა ნოყიერი ნიადაგი სპეკულირებისათვის".

მათივე თქმით, "რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ".

ეს ყველაფერი არ არის - „ოცნებაში” ისევ ამტკიცებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში ორჯერ ცდილობდნენ რევოლუციის მოწყობას. 

რა არის "მეგობარი აქტი" - ეს არის ახალი კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემდეგაც საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ უვიზო მიმოსვლას ამერიკასთან. ქართული ბიზნესი მიიღებს თავისუფალ ვაჭრობას შტატებთან, რაც ქართულ კომპანიებს უსაზღვრო შესაძლებლობს გაუხსნის და მესამე - ქვეყანა მიიღებს თავდაცვის უპრეცედენტო ინსტრუმენტებს, რომ  თავი სრულად უსაფრთხოდ  ვიგრძნოთ.

და რას ითხოვს სანაცვლოდ შტატები? - უარი თქვას ივანიშვილის რეჟიმმა არადემოკარტიულ ნაბიჯებზე, გაიწვიოს რუსული კანონი და რაც მთავარია, ჩაატაროს სამართლიანი და გამჭვირავლე არჩევნები.

მსგავსი სიახლეები