მანამ, სანამ ჩვენი მეგობრები წინ მიდიან, საქართველოს ხელისუფლება ხელჩართულ ბრძოლაშია დასავლეთთან - გეგელია

21.05.24 18:09
მანამ, სანამ ჩვენი მეგობრები წინ მიდიან, საქართველოს ხელისუფლება ხელჩართულ ბრძოლაშია დასავლეთთან - გეგელია

"წყაროები ბრიუსელში ამბობენ, რომ ივნისის ბოლოს უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებას გაუხსნიან. სად არის ამ დროს საქართველო? ხელჩართულ ომში დასავლეთთან!" - ამ განცხადებას "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია აკეთებს.

გეგელიას თქმით, აშშ-სგან საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა ეძლევა, თუმცა ხელისუფლება ამ შეთავაზებაზე უარს ამბობს.

მანამ სანამ ჩვენი მეგობრები წინ მიდიან, მეტი მშვიდობისკენ და უსაფრთხოებისკენ, საქართველოს ხელისუფლება ხელჩართულ ბრძოლაშია დასავლეთთან. საკუთარი ქმედებებით ამ მთავრობამ არათუ წინ არ წაიყვანა ჩვენი ქვეყანა, არამედ პირიქით რისკის ქვეშ დააყენა ათწლეულების ყველა მონაპოვარი. 

დღეს მოლდოვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ევროპულ კავშირთან “თავდაცვისა და უსაფრთხოების პარტნიორობა” გააფორმა. პარალელურად, წყაროები ბრიუსელში ამბობენ, რომ ივნისის ბოლოს უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებას გაუხსნიან. 

სად არის ამ დროს საქართველო? ხელჩართულ ომში დასავლეთთან! პრემიერი აშშ-ს სდებს ბრალს სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობაში, ოლიგარქი გლობალურ შეთქმულებაზე საუბრობს, ხოლო რუსეთის მსახური საპარლამენტო უმრავლესობა იღებს კანონს, რომელსაც გმობს მთელი მსოფლიო დ მხოლოდ საქართველოს ოკუპანტი ეგებება სიხარულით. 

ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ეს არაორდინალური გეოპოლიტიკური ვითარება ეროვნული მიზნების გასამყარებლად გამოეყენებინა, დღეს დღის წესრიგში არა წინსვლა არამედ უკუსვლა დგას. ამ კანონის და ამ ხელისუფლების გამო, საქართველომ შესაძლოა დაკარგოს ვიზალიბერალიზაცია, ამერიკასთან ურთიერთობების გაღრმავების შანსი, რადგან დღეს ამ ქვეყანას რუსეთის მსახური ხელისუფლება მართავს. 

სწორედ ამიტომ, აშშ-ს კონგრესში დაინიცირებული პროექტი მკაფიოდ ამბობს: სანქციები ქართულ ოცნებას, ახალი შესაძლებლობები - ქართველ ხალხს, თუკი საქართველო შეცვლის რეჟიმს და აღადგენს სწორ კურსს. 

ჩვენს წინაშეა საბოლოო არჩევანი. ან ვირჩევთ მეტ დაახლოებას ევროპულ კავშირთან და აშშ-სთან, უვიზო მიმოსვლას, მეტ ვაჭრობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას, ან ვირჩევთ ნაცრისფერ რუსულ ჭაობში ჩაძირვას, რომელიც საბოლოოდ მოგუდავს საქართველოს," - ამბობს გეგელია.

მსგავსი სიახლეები