არ მჯერა ერთიანი სიის. გავაგრძელებთ მუშაობას ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე, ეს იქნება ცენტრი ენმ-ის გარეშე - ხაზარაძე
„მე არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე. ეს იქნება ცენტრი ნაციონალური მოძრაობის გარეშე,“ - ამ განცხადებას "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "დღის ამბებთან" აკეთებს.
როგორც ხაზარაძე ამბობს, "ლელო" არჩევნებისთვის "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთიანი სიის შექმნის იდეას არ ემხრობა და პარტიისთვის უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული ცენტრის შექმნა.
ჩვენ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთ სიაში არ ვიქნებით, ვერანაირი არგუმენტი ვერ დამარწმუნებს, ეს იქნება საჩუქარი ქართული ოცნებისთვის. ჩვენ არ ვართ ნაციონალური მოძრაობა, თუმცა დიდი სურვილი აქვს ოცნებას რომ მიგვაწებოს. თუმცა ალტერნატიულ ცენტრს ალტერნატივა არ გააჩნია.
არ ვეთანხმები ამ იდეას, ვეთანხმები ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეას. მე არ მინდა ვიყო ასოცირებული იმ ძალასთან, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას და სადამდე მივიდა ეს ქვეყანა, კარგად ვნახეთ. მე არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე, გვაქვს ამასთან დაკავშირებით ნაბიჯები გადადგმული, მაგრამ მეტ დეტალს ვერ გეტყვით,“ - ამბობს ხაზარაძე.
გარდა ამისა, "ლელოს" ლიდერი ასევე საუბრობს პრეზიდენტის როლზე და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი კონსოლიდაციისკენ მიმართულ პროცესში მნიშვნელოვანი ფიგურაა.
მოწადინებული ვართ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობისკენ, იმიტომ, რომ ახლა, როგორც არასდროს, ყველა ნამდვილი პატრიოტული, ეროვნული ძალების - ევროპული ძალების გაერთიანების დრო დადგა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.