"ქვეყნის სუვერენიტეტის ხარჯზე უკან არ დავიხევთ, გამორიცხულია" - მაჭარაშვილი რუსულ კანონზე
ევროკავშირის მკაცრი გაფრთხილებების მიუხედავად, "ქართული ოცნება" უკან არ იხევს და რუსული კანონის საბოლოოდ მიღებისთვის ემზადება. "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ ამჭარაშვილი ამტკიცებს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის ხარჯზე არაფერს გააკეთებენ და არავითარ დათმობაზე არ წავლენ. ივანიშვილის დანაყოფის წევრი ამბობს, რომ კანონის მიღება-არმიღების საკითხს ვერავისთან შეათანხმებენ.
ჩვენ სუვერენიტეტის ხარჯზე არაფერს ვაკეთებთ. ეს იყო საქართველოს ისტორიის ყველა ფურცელზე. ხალხი თავს სწირავდა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის. და თუ ვინმეს ჰგონია, ნებისმიერი ქვეყნის ელჩს, მათ შორის, რომ ჩვენ ახლა უკან დავიხევთ სუვერენიტეტის შეზღუდვის ხარჯზე, ძალიან ცდებიან, იმიტომ, რომ გადახედონ, მინიმუმ, მოკლედ მაინც საქართველოს ისტორიას. 30-33 წლის წინ ჩვენ ვიბრძოდით, რომ კანონები ჩვენ მიგვეღო და არა მოსკოვს საქართველოსთვის და ახლა იმისთვის უნდათ, რომ ვიბრძოლოთ, რომ კანონები ჩენს მაგივრად სხვამ მიიღოს? გამორიცხულია ეს, - ამბობს მაჭარაშვილი.
თუ საქართველოს ხელისუფლება რუსულ კანონს უკან არ გაიწვევს, საქართველო ევროკავშირში გაწევრინების მოლაპარაკებების გახსნაზე უარს მიიღებს. მსოფლიოში ცნობილი გამოცემა ევროკაშირის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიუსელი მკაცრი ზომების მისაღებად ემზადება.
ამასთან, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის წინააღმდეგები არიან გერმანია, საფრანგეთი და ესტონეთიც. ამის შესახებ აღნიშნული ქვეყნების ელჩებმა გუშინ განაცხადეს.