თუ იქნება ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, იქნება მეგობრობა და არა მტრობა, ამ კანონის საჭიროება აღარ დადგება - კალაძე
თუ მოხდება ამერიკასთან ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, პირდაპირი ფრენები, თუ ეს დამოკიდებულება იქნება და თუ იქნება მეგობრული ურთიოერთობა და არა მტრობა, მაშინ გამჭვირვალობის კანონის საჭიროება დღის წესრიგში არ დადგება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, გარდა ამისა, ასევე, მნიშვნელოვანია, გაიხსნას მოლაპარაკებები ჩვენს ქვეყანასთან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
„როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვიზალიბერალიზაციისთვის მზად ვართ, პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან, ამას მივესალმებით. როგორ შეიძლება ადამიანმა შეაჩეროს ეს ყველაფერი?! ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მოხარული ვიქნებით თუკი აშშ გადადგამს ამ ნაბიჯს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს არა მექსიკიდან მოუწევთ შესვლა და იქ მექსიკაში რამდენიმე დღისა და კვირების ციხეებში გატარება, არამედ ისე ექნებათ ჩვენს ქვეყანასთანაც ურთიერთობა, როგორიც აქვთ ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანასთან. ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. თუ მოხდება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმება, თუ თავისუფალი ვაჭრობა იქნება ჩვენს ქვეყანასთან, პირდაპირი ფრენები, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ასევე, მნიშვნელოვანია, გაიხსნას მოლაპარაკებები ჩვენს ქვეყანასთან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამას მივესალმებით. თუ ეს დამოკიდებულება იქნება და გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რა თქმა უნდა, მაშინ გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობა და საჭიროება დღის წესრიგში არ დადგება. თუ ეს ნაბიჯები იქნება გადადგმული, თუ დავინახავთ მეგობრულ ურთიერთობებს და არა მტრობას, რაც კონკრეტული ფაქტებით დადასტურდება“,- განაცხადა კალაძემ.
რა არის "მეგობარი აქტი" - ეს არის ახალი კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემდეგაც საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ უვიზო მიმოსვლას ამერიკასთან. ქართული ბიზნესი მიიღებს თავისუფალ ვაჭრობას შტატებთან, რაც ქართულ კომპანიებს უსაზღვრო შესაძლებლობს გაუხსნის და მესამე - ქვეყანა მიიღებს თავდაცვის უპრეცედენტო ინსტრუმენტებს, რომ თავი სრულად უსაფრთხოდ ვიგრძნოთ.
და რას ითხოვს სანაცვლოდ შტატები? - უარი თქვას ივანიშვილის რეჟიმმა არადემოკარტიულ ნაბიჯებზე, გაიწვიოს რუსული კანონი და რაც მთავარია, ჩაატაროს სამართლიანი და გამჭვირავლე არჩევნები.