მტრობაა, როდესაც დასავლეთი რევოლუციურ სცენარს და ისეთ ორგანიზაციებს აფინანსებს, რომლებიც პოლარიზაციაში არიან ჩართულნი - კალაძე
კახა კალაძემ დასავლეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა რევოლუციური სცენარის დაფინანსებაში. თბილისის მერი ამბობს, რომ სწორედ ამიტომ დააბრუნა "ოცნება" რუსული კანონი, რომ არასამთავრობოები, რომელთა მხრიდანაც, მისი მტკიცებით, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა იგეგმება, გამჭვირვალე იყვნენ.
ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ არის ამ ქვეყნის მოყვარე და ვინ არის ამ ქვეყნის მტერი - მტრობაა, როდესაც დასავლეთი რევოლუციურ სცენარს აფინანსებს! მტრობაა, როდესაც დასავლეთი სხვადასხვა ორგანიზაციებს აფინანსებს, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული პოლარიზაციაში! ჩვენ გვჭირდება პარტნიორები და მეგობრები!
ჩვენ თუ დავაკვირდებით, ბოლო წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პირდაპირ არის ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, საიდან ფინანსდება ეს არასამთავრობო ორგანიზაციები - არის დასავლეთის სხვადასხვა ორგანიზაციების, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული. შესაბამისად, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, რომ ეს ყველაფერი შეჩერდეს!
ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, საიდან ფინანსდება ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება დასავლეთიდან შემოსული თანხები“, - განაცხადა კახა კალაძემ.