"პირველების" ინფორმაციით, ცოლისა და სიდედრის მკვლელობისთვის დაკავებული 27 წლის ბიჭი დანაშაულს აღიარებს
"პირველების" ინფორმაციით, ცოლის და სიდედრის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის დაკავებული 27 წლის კაცი დანაშაულს აღიარებს. გიორგი პირაშვილი პოლიციამ იმავე სკვერში დააკავა, სადაც ერთი წლის შვილის თვალწინ საკუთარი ცოლი და სიდედრი მოკლა. სასიკვდილო გასროლა "ტვ პირველის" ინფორმაციით, 27 წლის კაცმა სანადირო იარაღიდან 5 გასროლით მოახდინა, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით, ახალი შეძენილი ჰქონდა.
გარდაცვლილი ქალის მეზობლები ამბობენ, რომ დაკავებული ცოლთან კონფლიქტში შემჩნეული არასდროს ყოფილა და უკვირთ, თუ რატომ ჩაიდინა ახალგაზრდა ბიჭმა ასეთი სასტიკი დანაშაული.
27 წლის ბიჭი ახლა რუსთავის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. 21 წლის მარიამ სოფრომაძის და მისი 48 წლის დედის, ინგა ბეგაშვილის ცხედრები კი ჯერ საკუთარ სახლში არ მიუსვენებიათ.
მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად ეჭვიანობა სახელდება. თვითმხილველების თქმით, მათ მიჯრით გასროლის ხმა გაიგეს, როდესაც ადგილზე მივიდნენ, ახალგაზრდა გოგო უკვე გარდაცვლილი იყო.
მათივე საუბრიდან ირკვევა, რომ დაკავებული გაქცევას არ ცდილობდა და ის პოლიციას თავად ჩაბარდა. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღიც, რომელიც საქმეში ახლა მთავარი მტკიცებულებაა.
ცნობისთვის, რუსთავში სასტიკი მკვლელობა დღეს მოხდა. ირკვევა, რომ ახალგაზრდა კაცმა ცოლს და სიდედრს ჩასაფრება მაშინ მოუწყო, როდესაც ქალი დედასთან ერთად მცირეწლოვან შვილს ეტლით ასეირნებდა.
გამოძიება მომხდარზე 109-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.