ვინ არის რუსეთის აგენტი? - ვაშინგტონი "ოცნებისთვის" საბოლოოდ ფარდის ახდას გეგმავს
რუსეთის აგენტები საქართველოს ხელისუფლებაში - მტკიცებულებები საიდუმლო კავშირებზე შეერთებული შტატების ხელშია. ფაქტები იმდენად მძიმეა, რომ შეუძლია საქართველოს პოლიტიკური ელიტის რეპუტაციის გაცამტვერება - ასე ამბობენ სანქციებზე მომუშავე ჯგუფში. როგორც ჩანს, საქართველოს გარუსების საფრთხე იმდენად დიდია, რომ მოთმინება მოქმედებაზე გადასვლამ ჩაანაცვლა. სავარაუდოდ, სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, შტატებმა უკვე გამოავლინა რუსეთის ერთი აგენტი საქართველოში - ოთარ ფარცხალაძე. ახლა დაიწყო იმ გადამწყვეტი დროის ათვლა, როდესაც რუსეთზე მომუშავეების ახალი გვარები უნდა დაიდოს.
ასევე ირკვევა, რომ "მეგობრის აქტზე" მუშაობა ბაიდენის გუნდმა გაცილებით ადრე დაიწყო, რადგან ფლობდნენ უტყუარ ინფორმაციას, რომ "ქართული ოცნება" რუსული კანონის ხელმეორედ შემობრუნებას გეგმავდა. საპასუხოდ ვაშინგტონმა სანქციების სპეციალური პაკეტის მომზადება დაიწყო. რუსული აგენტურის გამოაშკარავება ახლა მხოლოდ დროის საკითხია. რუსული კანონის მიღება ივანიშვილის მთავრობისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ვაშინგტონი "ქართული ოცნებისთვის" საბოლოოდ ფარდის ახდას გეგმავს.