ხაზარაძე VS კობახიძე - სარჩელი ევროსასამართლოში - რა მოლოდინი აქვს ადვოკატს?
იმედი გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო მამუკა ხაზარაძის მიმართ უფლების დარღვევას დაადგენს - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განაცხადა.
როგორც კორძაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ განმარტა, სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი სარჩელი ეხებოდა განჩინებებს, რომლის მიღებაზეც მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ უარი განუცხადა.
„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ წარმოებაში მიიღო მამუკა ხაზარაძის სარჩელი, რომელიც ეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებებს, რომლითაც უარი გვეთქვა, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. აღნიშნული სარჩელი ეხებოდა ირაკლი კობახიძის მიერ მამუკა ხაზარაძის მიმართ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადების გავრცელებას, რომელიც ეხებოდა იმას, რომ თითქოსდა მამუკა ხაზარაძე დაკავებული იყო რეკეტით წინა ხელისუფლების დროს. სარჩელი სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო იმ მოტივით, რომ თითქოსდა დეპუტატს აღნიშნული ტიპის დავებზე იმუნიტეტი გააჩნია. გასაოცარი იყო ისიც, რომ თვითონ ამ მოსამართლეს, რომელმაც უარი გვითხრა, თვითონ ჰქონდა განსახილველად სხვა მსგავსი ტიპის საქმეები, მათ შორის უმრავლესობის დეპუტატების მიმართ. არც სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ეს არგუმენტები და საბოლოოდ, მოგვიწია საქმის სტრასბურგში გასაჩივრება. ეს მოხდა აპრილის ბოლოს და ძალიან სწრაფად მიიღეს გადაწყვეტილება საქმის წარმოებაში მიღების თაობაზე. დანარჩენი დაველოდებით მოვლენებს. იმედი გვაქვს, რომ სტრასბურგი დაადგენს უფლების დარღვევას მამუკა ხაზარაძის მიმართ“,- განაცხადა ზვიად კორძაძემ.