პრემიერის საეჭვო ვიზიტი - ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ კობახიძე ირანში ვოლოდინის გამო ჩაფრინდა
რა მიზანს ემსახურება პრემიერის ირანში ვიზიტი - საერთაშორისო ექსპერტები ამბობენ, რომ ამგვარ ვიზიტებს სტრატეგიული განაცხადის ფუნქცია გააჩნია და თეირანში ჩასვლით კობახიძემ, ფაქტობრივად ასეთი განაცხადი გააკეთა დასავლეთის, დემოკრატიის და შტატების წინააღმდეგ.
პოლიტიკურ მეცნიერებათ დოქტორი, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ლაშა ძებისაშვილი ამბობს, რომ შეიძლება, "ოცნება" ირანში სწორედ იმიტომ ჩავიდა, რომ იქ რუსეთის წარმომადგენელი იქნებოდა.
ძებისაშვილის თქმით, ეს არის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენი ქვეყნის ნორმალური განვითარების პერსპექტივა დაიხუროს.
ეს იყო კიდევ ერთი ნათელი ნაბიჯი და სიგნალი ჩვენთვის და დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ არჩეული ანტიდასავლური კურსიდან ისინი არ გაადუხვევენ. შეიძლება, სწორედ ვოლოდინი რომ იყო იქ ჩასული, სწორედ მაგიტომ გაფრინდნენ ჩვენები იქ. დიდი ალბათობით, მოხდა მათ შორის კომუნიკაცია, ოღონდ რა სახის კომუნიკაცია მოხდა, ამაზე ჩვენ ახლა მხოლოდ სპეკულაცია შეგვიძლია. გამოჩნდება ძალიან მალე. ეს არის მცდელობა, რომ ჩვენი ნორმალური განვითარების პერსპექტივა დაიხუროს და ჩვენ აღმოვჩნდეთ მომდევნო ათწლეულებში კიდევ ერთხელ იმ სიბნელეში, რასაც ეს ტოტალიტარული ბანაკი ჰქვია, რასაც რუსეთი აშენებს საკუთარი პერიმეტრის გასწვრივ", - ამბობს ლაშა ძებისაშვილი.
საქართველოს პრემიერი ირანში ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის დაკრძალვაზე ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტი ვიზიტი მოულოდნელად დაიგეგმა. ამასთან, ცნობილია, რომ დემოკრატიული სამყაროს არცერთი ლიდერი ირანში არ ჩასულა, თუმცა თეირანში იყვნენ რუსი მაღალჩინოსნები. რუსული და ქართული სამთავრობო ბორტები გვერდი-გვერდ იდგნენ.
რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავით ირანში, სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილეობის მისაღებად, რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარე - ვიაჩესლავ ვოლოდინი იმყოფებოდა.