"ნუ დატოვებთ ქვეყანას რუსეთისა და ირანის ამარა" - თამარ ჩუგოშვილის მიმართვა ყოფილ კოლეგებს "ოცნებაში"
"ახლა ქვეყნის ბედიც და თქვენი პირადი მომავალიც მხოლოდ თქვენს ხელთაა," - ამ სიტყვებით მიმართავს "ოცნების" ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ყოფილ კოლეგებს და ამჟამინდელი პარლამენტის წევრებს.
თამარ ჩუგოშვილის თქმით, სახელმწიფო ახლა სახიფათო ზღვარზეა - ქვეყნის ევროპული კურსი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ის მიმართავს "ოცნების" დეპუტატებს და მოუწოდებს ვეტო არ დაძლიონ და გაიაზრონ, რომ პერსონალური სანქციები მოჰყვება დასვალეთისგან ქვეყნის იზოლირებას და ამას გარდა, ქვეყანა რუსეთის პირისპირ მარტო დარჩება.
ვუახლოვდებით უკიდურესად სახიფათო ზღვარს.
ქართული ოცნების დეპუტატებს, განსაკუთრებით, ყოფილ კოლეგებს მინდა მოგმართოთ. ვეტოს დაძლევა გამოიწვევს ქვეყნის იზოლირებას დასავლური სამყაროსგან და ამასთან კატასტროფულ ეკონომიკურ შედეგებს დროთა განმავლობაში. არც ის მახარებს, რომ თქვენ და თქვენს ოჯახებს პერსონალურ ფინანსურ სანქციებს მოგიტანთ.
თქვენ ახლა გეუბნებიან, რომ არაფერი გემუქრებათ, რომ არანაირი სანქციები არ იქნება. ეს ტყუილია, მეგობრებო, ისეთივე ტყუილია, როგორი ტყუილიც იყო “მაჟორიტარების აჯანყება” 2019 წელს.
ახლა ქვეყნის ბედიც და თქვენი პირადი მომავალიც მხოლოდ თქვენს ხელთაა. სადეპუტატო მანდატი და უფლება, გადაწყვიტო, ხელს მწვანე ღილაკს დააჭერ თუ წითელს, დიდი ძალაა. დაიჯერეთ ეს და ნუ დატოვებთ ქვეყანას რუსეთისა და ირანის ამარა," - წერს ჩუგოშვილი.
მმართველი გუნდის დეპუტატებს "ოცნების" კიდევ ერთმა ყოფილმა პარლამენტარმა თამარ ხულორდავამ მიმართა:
"გადაირჩინეთ თავიც და ქვეყანაც" - "ოცნებას" ყოფილი დეპუტატი თამარ ხულორდავა მიმართავს
თამარ ჩუგოშვილმა ხულორდავასა და კიდევ 5 დეპუტატთან ერთად "ქართული ოცნება" 2019 წელს დატოვა. მათი განმარტებით, პრინციპული საკითხი იყო პარლამენტის მიერ პროპორციული არჩევნების დამტკიცება. კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ კი, მათი თქმით, ერთადერთი სწორი ნაბიჯი უმრავლესობისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვება იყო.