დღესვე ველოდები ევროკომისიის პრეზიდენტის ან EU-ს დელეგაციის კომენტარს სრულიად წარმოუდგენელ ბრალდებაზე, რომელიც მოვისმინეთ კობახიძისგან - გიგიაძე

23.05.24 18:39
დღესვე ველოდები ევროკომისიის პრეზიდენტის ან EU-ს დელეგაციის კომენტარს სრულიად წარმოუდგენელ ბრალდებაზე, რომელიც მოვისმინეთ კობახიძისგან - გიგიაძე

"ალბათ, ევროკომისიის პრეზიდენტი, ან საელჩო, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში გააკეთებენ რაღაც სახის კომენტარს, ველოდები მათ პასუხს ამ სრულიად წარმოუდგენელ ბრალდებაზე, რომელიც მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის მხრიდან" - ამის შესახებ გიგი გიგიაძე "დღის ამბებთან" საუბრობს.

გიგიაძე პრემიერის საგანგებო განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ერთ-ერთ ევროკომისარს ბრალი დასდო, რომ ის დაემუქრა სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, თუმცა არ დაკონკრეტა, რომელ ევროკომისართან შედგა სატელეფონო საუბარი.

გიგიაძისთვის კობახიძის განცხადება მორიგი დადასტურებაა, რომ "ოცნება" დასავლეთთან კავშირს წყვეტს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

ბოლო განცხადება უკვე აღარ ექვემდებარება რაციონალურ ახსნას, ძალიან რთული იქნება სერიოზული ახსნა მოეძებნოს ასეთ ბრალდებას, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადანაშაულებს ევროკომისარს, რომ ის თურმე დაემუქრა იგივე სცენარის განვითარებით, როგორიც ჰქონდა ფიცოს.
ნამდვილად, ვფიქრობ, რომ აქ მკაფიოდ ჩანს, სრული დისტანცირება ქართული ოცნებისა დასავლეთისგან, მათი მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ ევროკავშირმა საბოლოდ შეწყვიტოს საქართველოსთან ურთიერთობა, მათი მიზანმიმართული ქმედება იქითკენ, რომ ყველა ფორმატი, რომელიც ვითარდება, ყველაფერი გაჩერდეს - ეს არის მიზანმიმართულად დასავლეთთან ყველანაირი კავშირების შეწყვეტა, ყველანაირი ხიდების გადაწვა. ალბათ, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება ევროკომისიის, ევროკავშირის მხრიდან და ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რომ მოხდეს იზოლაცია საქართველოსი დასავლეთისგან, სხვა ახსნას ვერ ვუძებნი - დღევანდელი განცხადება არ ექვემდებარება რაციონალურ შეფასებას.
ასეთი ბრალდება როცა ისმის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ამას სჭირდება ძალიან სერიოზული დამადასტურებელი საბუთი, რაც ფიზიკურად რასაკვირველია, ვერ იარსებებს, გამორიცხულია, რაღაც მსგავს ადგილი ჰქონოდა. როცა გვესმის მსგავსი განცხადებები, ვხვდებით, რომ რაღაც უკვე სრულიად განსხვავებულ რეალობასთან გვაქვს საქმე, ახალ რეალობაში ვიმყოფებით, იმაზე უფრო ბევრად უარეს რეალობაში, ვიდრე ვიყავით თუნდაც გუშინ, ძალიან რთულ ვითარებაში ვართ ნამდვილად, მე ველოდები რაღაც სახის რეაგირებას - დღესვე უკვე ალბათ, იქნება ევროკომისიის მხრიდან, ალბათ, ევროკომისიის პრეზიდენტი, ან საელჩო, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში გააკეთებენ რაღაც სახის კომენტარს, ველოდები მათ პასუხს ამ სრულიად წარმოუდგენელ ბრალდებაზე, რომელიც მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის მხრიდან,“ - ამბობს გიგი გიგიაძე.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს - მთავრობის მეთაური ამტკიცებს, ერთ-ერთი ევროკომისარი სატელეფონო საუბრის დროს მმართველ გუნდს დაემუქრა.

მსგავსი სიახლეები