ეს კანონპროექტი ადასტურებს ურყევ ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ და აჩვენებს რეალურ ფასს დემოკრატიაზე თავდასხმებისთვის - ჯო ვილსონი
"ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ურყევ ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ და აჩვენებს რეალურ ფასს დემოკრატიაზე თავდასხმებისთვის" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კონგრესმენი ჯო ვილსონი წერს.
ვილსონი Foxnews-ის სტატიას დებს საკუთარ გვერდზე, სადაც წერია იმ სანქციებზე, რომელსაც აშშ MEGOBARI Act-ის დამტკიცების შემდეგ აამოქმედებს და საუბარია კონკრეტულ მაღალჩინოსნებზე, ვისაც შეეხება სანქციები.
საქართველოს მოსახლეობას არაფერი უნდა პუტინის იმპერიასთან. ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ურყევ ერთგულებას მათ მიმართ, აჩვენებს რეალურ ფასს დემოკრატიაზე თავდასხმებისთვის და ხაზს უსვამს უკეთეს, ალტერნატიულ გზას," - წერს ჯო ვილსონი.
MEGOBARI Act დოკუმენტი საერთაშორისო გამოცემა Foxnews-მა მოიპოვა, რომელიც ასახავს სავიზო აკრძალვის გადაუდებელ განხილვას მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახებისთვის, რომლებიც "მატერიალურად ან პირდაპირ პასუხისმგებელნი არიან პარლამენტში ბოლოდროინდელი რუსული კანონის ადვოკატირებაზე, მიღებასა და პოტენციურ ამოქმედებაზე".
გამოცემა წერს, რომ კანონპროექტის მიხედვით, მისი ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უნდა დაადგინოს ის ძირითადი პირები, რომლებიც საქართველოს მთავრობაში იმყოფებიან, მის აგენტებად ან მისი სახელით მუშაობენ, ან მთავრობის ქმედებებზე ძლიერი გავლენის მოხდენა სხვა მეთოდებით შეუძლიათ და "დააკისროს მათ მატერიალური პასუხისმგებლობა საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების ან უსაფრთხოების შელახვის ან დაზიანებისათვის".