რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 27 მაისს იმსჯელებს
რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 27 მაისს იმსჯელებს. პარლამენტი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს.
სალომე ზურაბიშვილის ვეტოს განხილვა კომიტეტის დღის წესრიგში პირველ საკითხად არის განსაზღვრული.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონპროექტი პარლამენტს უკან იგივე სახით დაუბრუნა და მხოლოდ ერთი პუნქტი დაამატა, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.
მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი განმარტავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწვეული აგენტების შესახებ კანონი იყო.
პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 (თანასწორობის უფლება), 22-ე (გაერთიანების თავისუფლება), მე-15 (პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები), 78-ე (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) მუხლებს.
შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისია ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს, რომ რუსული კანონი გააუქმოს - ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი.
დასკვნაში საუბარია, რომ კანონი მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.