მიზანია, რომ ივანიშვილის ინტერესების გამო, ქართველი ხალხი გადაიჩეხოს უფსკრულში - ჭიაბერაშვილი
„ევროკომისიის და ევროკომისრების შეურაცხყოფა იმ ტყუილით, რაც გუშინ კობახიძემ გააკეთა, არის სრული აბსურდი, ამას არანაირი კავშირი არ აქვს სინამდვილესთან. მიზანი არის მხოლოდ ერთი, რომ ივანიშვილის ინტერესების გამო, ქართველი ხალხი გადაიჩეხოს უფსკრულში, მაგრამ ქართველი ხალხი არ გადაიჩეხება უფსკრულში და ამას არც საქართველოს მეგობრები დაუშვებენ," - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა.
ჭიაბერაშვილი ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ევროკომისარი მუქარაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ პრემიერმა ოლივერ ვარჰეის ნათქვამი კონტექსტიდან ამოგლიჯა და დაამახინჯა.
კობახიძის გუშინდელი განცხადება არის მორიგი ტყუილი. არცერთი საქართველოს მეგობარი და პარტნიორი საქართველოს, ქართველ ხალხს და სამწუხაროდ მის დღემდე მოქმედ მთავრობას, რომელიც უკვე ცალსახად რუსული რეჟიმია, ასე არ ელაპარაკება და ამ ენით არ ელაპარაკება. კობახიძეს ეს ტყუილი სჭირდება იმისთვის, რომ მათ სხვა არაფერი არ აქვთ სათქმელი, მაგრამ ერთი რაც უნდა ვიცოდეთ არის შემდეგი, რომ შეერთებული შტატების ამ განაცხადს მოჰყვება ანალოგიური ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან და შესაბამისად, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არავის ინტერესში, ქართველი ხალხის ინტერესში, ქართველი ხალხის მეგობრების ინტერესში არ არის ყოფნა იმ ჩიხში და ამ ჩიხში კიდევ უფრო ღრმად შესვლა, როგორც ამას კობახიძე აკეთებს თუნდაც იმ აბსურდული განცხადებით, რაც მან გუშინ გააკეთა. ეს არ არის ენა, რომლითაც ჩვენი მეგობრები საუბრობენ. ისინი საუბრობენ ძალიან მკაფიოდ, ძალიან დიპლომატიური ენით, მაგრამ თუ კი დიპლომატიური ენა არ ესმით, ისინი ასევე დიპლომატიური ენით აანონსებენ იმ ნაბიჯების შესახებ, რომელიც ჩვენ ენტონი ბლინკენის განცხადებაში ვიხილეთ. ევროკომისიის და ევროკომისრების შეურაცხყოფა იმ ტყუილით, რაც გუშინ კობახიძემ გააკეთა, არის სრული აბსურდი, ამას არანაირი კავშირი არ აქვს სინამდვილესთან და მიზნად ისახავს იმას, რომ ივანიშვილის ინტერესების გამო, ქართველი ხალხი გადაიჩეხოს უფსკრულში, მაგრამ ქართველი ხალხი არ გადაიჩეხება უფსკრულში და ამას არც საქართველოს მეგობრები დაუშვებენ.“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.