"კითხვაა - სად ვართ?" "რად უღირს ქვეყანას ეს რუსული კანონი?" - ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ვიცე-პრემიერს ხვდებიან
მძიმე დღე ლევან დავითაშვილისთვის - სანქციებთან მიახლოებული ვიცე-პრემიერი ამ წუთებში ისმენს, რა ზიანი მოუტანა მისმა გუნდმა ქართულ ბიზნესს.
ეკონომიკის მინისტრი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ხვდება. ბოლო დღეებია, არ წყდება საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ აუქმებენ ტურისტები ჯავშნებს საქართველოში.
სასტუმროებისა და რესტორნების მფლობელები ამბობენ, რომ ჯავშნები უქმდება და საგანგაშოა ივნისის ჯავშნების მინიმუმადე შემცირება.
რესტორატორებს მინისტრთან აქვთ ერთადერთი კითხვა - სად არის საქართველო რუსული კანონის გამო?
მას შემდეგ, რაც რუსული კანონი დაინიცირდა, დღესდღეობით ქალაქის ცენტრში მიმდინარე აქციებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში საკმაოდ შემცირებულია ტურისტების რაოდენობა და გაუქმებები თითქმის 35-40 პროცენტამდეა და რაც ყველაზე დასანანია, ივნისში ახალი ჯავშნების რაოდენობაც მინიმუმამდეა შემცირებული. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით გვინდა შეხვედრა და გვაინტერესებს, რას აპირებს მთავრობა ამ რუსულ კანონთან დაკავშირებით. რად უღირს ქვეყანას ეს რუსული კანონი, რომ ყველა მიმართულებით ეს კანონი გვაზარალებს,“ - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.
დღეს ვართ ძალიან გაურკვეველ სიტუაციაში, ჩემი მოკრძალებული, მორიდებული კითხვაა, სად ვართ და სად ვიქნებით, რა პერსპექტივა გვაქვს, სად დავიძინებთ და სად გავიღვიძებთ, რა ქვეყანაში,“ - ამბობს შოთა ბურჯანაძე.