მსჯელობა ევროსაბჭოში რუსული კანონზე - რას ამბობს ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი და რას უპირისპირებს პაპუაშვილი
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი.
ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვერონიკა ბილკოვამ კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არ შეესაბამება კანონი საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.
მან თქვა, რომ მსგავსი კანონები მიიღეს მხოლოდ რუსეთში, უნგრეთსა და ყირგიზეთში.
ვენეციის კომისია ასკვნის, რომ ეს კანონი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს რამდენიმე მიზეზით, რომელთაგან გამოვარჩევ ოთხს:
1. კანონის ენა არის ბუნდოვანი და ის ანიჭებს გადამეტებულ დისკრეციულ უფლებებს იუსტიციის სამინისტროს და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს. ეს კი ეწინააღმდეგება კანონიერების მოთხოვნებს, რომელთა მიხედვით კანონის ენა უნდა იყოს მკაფიო და დისკრეცია უნდა იყოს შეზღუდული.
2. კანონი გულისხმობს, რომ ნებისმიერი უცხოური დაფინანსება, რაც არ უნდა შეზღუდული და გამჭვირვალე იყოს ის, შეიცავს უცხოურ გავლენას, რამაც შესაძლოა შექმნას უნდობლობის ატმოსფერო საზოგადოებაში და ასევე ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის საწინააღმდეგო პრინციპებს.
3. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა უკვე შეიცავს დებულებებს, რომლებიც ორგანიზაციებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ სახელმწიფოს ანგარიში დაფინანსების წყაროების შესახებ, კანონპროექტში არ არის მოცემული დამაჯერებელი განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ იქნება არასაკმარისი არსებული ვალდებულებები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.
4. თავად ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ არის სტიგმა, რომელიც ამ ორგანიზაციების რეპუტაციას ემუქრება", - თქვა ბილკოვამ.
რუსულ კანონზე კრიტიკას შალვა პაპუაშვილმაც ისაუბრა და ევროპელი პარტნიორების წინაშე ამტკიცებდა, რომ შიდა და გარე აქტორებმა განახორციელეს გამჭვირვალობის კანონის სტიგმატიზება.
გვაწუხებს, რომ შიდა და გარე აქტორებმა განახორციელეს აღნიშნული კანონის სტიგმატიზება, ასევე, ის, რომ შეიმჩნევა სწრაფი დასკვნების გამოტანის ტენდენცია. დასაწყისიდანვე კანონს მიაწებეს „რუსულის“ იარლიყი. სინამდვილეში, „რუსული კანონი“ არის მადისკრედიტებელი პოლიტიკური მეტაფორა, რომლის მიზანია კანონმდებლობის სტიგმატიზება და საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა. სინამდვილეში, ეს ვინმეს მოსწონს თუ არა, სხვა საერთაშორისო ანალოგები ბევრად უფრო მკაცრია, ვინაიდან მათი სამართლებრივი ჩანაწერები უფრო ხისტია, ვიდრე ქართული ვერსიის," - თქვა პაპუაშვილმა.
ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტისგან საპირისპიროს ამტკიცებს ეკა სეფაშვილი:
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ „ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს” და ეს არის შემთხვევა, რომელიც გვსურს, იყოს უფრო გამჭვირვალე. ქართველ ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, ვინ დგას არასამთავრობო ორგანიზაციების უკან და რა სახის აქტივობებს აფინანსებენ ისინი," - თქვა სეფაშვილმა.