ეს იყო შანტაჟი და დაშინება, ვარჰეი იძულებული გახდა, ეღიარებინა - ქადაგიშვილი
ეს იყო შანტაჟი და დაშინება, ვარჰეი იძულებული გახდა, ეღიარებინა - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ევროკომისრის განცხადებას, რომელმაც კობახიძე სატელეფონო საუბრის დამახინჯებაში დაადანაშაულა.
ქადაგიშვილის თქმით, მსგავსი ფაქტები "ოცნებას" იმისკენ უბიძგებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი უფრო მტკიცედ შევინარჩუნონ.
„ვარჰეის მხრიდან ჩამოთვლილი იყო სანქციები თუ შეზღუდვები, რაც კანონის მიღებას შეიძლება მოჰყოლოდა. ხაზი გაესვა იმას, გაითვალისწინეთ, რაც მოუვიდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრსო. ეს იყო შანტაჟი და დაშინება. ვარჰეი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ასეთი საუბარი შედგა და ეს ფაქტი ნახსენები იყო. უკვე ნათელია, რომ ზეწოლასა და შანტაჟს უკიდეგანო ხასიათი აქვს მიცემული. რთული გასაგებია დასავლეთისთვის, რომ საქართველოს უფლება აქვს, სუვერენული სახელმწიფო იყოს. ეს იმისკენ გვიბიძგებს, რომ სუვერენიტეტი შევინარჩუნოთ და მტკიცედ ვიყოთ”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.
მთავრობის მეთაური ამტკიცებს, ერთ-ერთი ევროკომისარი სატელეფონო საუბრის დროს დაემუქრა:
„ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“ - წერს კობახიძე საგანგებო განცხადებაში.
ირაკლი კობახიძემ ევროკავშირში უკანასკნელი მოკავშირე დაკარგა - ევროკომისარი ვარჰეი კობახიძეს ამხელს.
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი პრემიერ ირაკლი კობახიძეს მათი სატელეფონო საუბრის დამახინჯებაში ადანაშაულებს.
ვარჰეი ამბობს, რომ სატელეფონო საუბრის ერთი ნაწილი კონტექსტიდან მთლიანად ამოღებულია. ვარჰეი ამბობს, რატომ ისაუბრა კობახიძესთან სლოვაკეთის მაგალითზე.