წყარო: ღარიბაშვილი უცხოელებთან ყველაფერს კობახიძეს აბრალებს
ექსკლუზიური შიდა ამბები "ქართული ოცნების" კულუარებიდან - "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რუსულ კანონზე ირაკლი ღარიბაშვილი უცხოელებთან საუბრის დროს, თითს ირაკლი კობახიძისკენ იშვერს. ამბობს, რომ რაც ახლა საქართველოს თავს ხდება, ირაკლი კობახიძის ბრალია.
"შაბათის ეთერს" მმართველი პარტიიდან უყვებიან, რომ ირაკლი ღარიბაშვილი რუსული კანონის ხელმეორედ ინიციირების წინააღმდეგი იყო. ის ფიქრობდა, რომ "ოცნებას" მინიმუმ არჩევნებამდე უნდა მოეცა, ამტკიცებდა, რომ რყევები პარტიას გადაიყოლებდა, მაგრამ ივანიშვილს კანონის გატანა ეჩქარებოდა.
ცნობისთვის, 2023 წლის სექტემბერში პრეზიდენტ ბაიდენის გუნდის მაღალჩინოსანთან ჯეიკ სალივანთან, ნიუ იორკში შეხვედრის დროს, ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ რუსული კანონი დღის წესრიგში არასდროს დაბრუნდება. ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს მაშინდელმა პრემიერმა გარანტია მისცა, რომ საქართველოში ანტიდასავლური კამპანია შეწყდებოდა. სალივანი ღარიბაშვილს ამ შეხვედრაზე დახმარებას დაჰპირდა და უთხრა, რომ ბაიდენის გუნდი მხარს დაუჭერდა კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. ეს ასეც მოხდა. ღარიბაშვილმა ამის გამო სალივანს საჯაროდ მადლობაც კი გადაუხადა.
საბოლოოდ, "ქართულმა ოცნებამ" მთავარი სტრატეგიული პარტნიორი მოატყუა. ახლა, ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარეა, მისი გუნდი ამტკიცებს, რუსულ კანონს და როცა მას როგორც პასუხისმგებელ პირს კითხეს, რატომ დაიღვარა პირობა ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ მას აღარავინ არაფერს ეკითხება.
რა ხდება "ქართული ოცნების" კულუარეშში?
წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ოლიგარქი ფიქრობს, რომ უმრავლესობის დეპუტატების დამორჩილება ახლა უფრო მარტივია. ისინი მომავალი არჩევების მოლოდინში არიან და პოლიტიკურ ვერდიქტს ელოდებიან. არავინ იცის, ვის ჩასვამს ივანიშვილი ახალ საპარლამენტო სიაში და ვის დატოვებს ბორტს მიღმა. ამიტომ ყელა ცდილობს, ოლიგარქს თავი მოაწონოს. ივანიშვილის გათვლებით, რუსული კანონის საკითხი რომ არჩევნების შემდეგ გადაეწყვიტა, მანდატ განაღდებული დეპუტატებიც წინააღმდეგობას გაუწევდნენ. ეს ერთხელ უკვე მოხდა. ამიტომ საკუთარ თავზე პროცესების მართვა კობახიძემ და კალაძემ აიღეს. ივანიშვილს უთხრეს, რომ კანონს უდანაკარგოდ გაიტანენ.