მიწები, სახლები, ბინები - აღმოჩენილია შსს მაღალჩინოსანთა დიდძალი ქონება
თბილისი, წავკისი, ლისი, მცხეთა, ნატახტარი, ბაკურიანი - მიწები, სახლები, ბინები - "შაბათის ეთერმა" იმ პოლიციელების დიდძალ ქონებას მიაგნო, რომლებზეც სისტემა დგას.
კრიმინალური პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე
- კვერნაქის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე 1000 კვადრატული მეტრი ტერიტორია კრიმინალური პოლიციის შეფის საკუთრება ცოტა ხნის წინ გახდა. მიწა, რომელიც აუქციონზე გატანამდე სახელმწიფოს საკუთრებაში იყო, თეიმურაზ კუპატაძემ 41 ათას ლარად, უპირობო აუქციონზე იყიდა.
- ტყის შესასვლელში ნაყიდი მიწის ნაკვეთი, კრიმინალური პოლიციის უფროსის ბოლო ოფიციალური შენაძენია, თუმცა წყარო "შაბათის ეთერს" უყვება, რომ ვახტანგ გომელაურის მარჯვენა ხელმა რამდენიმე თვის წინ, მილიონზე მეტი, თბილისში, ელიტურ დასახლებაში მდებარე საცხოვრებელ სახლში გადაიხადა. ინფორმირებული ადამიანი "შაბათის ეთერს" უყვება, რომ ქვეყნის გავლენიან პოლიციელს მდიდრული ბინა ხედით მტკვარზე ისე მოეწონა, რომ შეთანხმება მალევე შედგა. თუმცა ქონება სავარაუდოდ გადამალვის მიზნით, მაღალჩინოსნის მეგობრის, მერაბ არეშიძის სახელზე გააფორმეს.
- "შაბათის ეთერმა" ბიწაძესა და არეშიძეს შორის დადებული გარიგების დოკუმენტები მოიპოვა. ნასყიდობის ხელშეკრულება 2024 წლის 5 მარტით თარიღდება. დგინდება, რომ 131 კვადრატული მეტრი ფართობის ბინაში მილიონ 130 ათასი ლარი გადაიხადა. დოკუმენტების მიხედვით, მყიდველი მერაბ არეშიძეა, გამყიდველი მიხეილ ბიწაძე.
ამასთან, კრიმინალური პოლიციის შეფი მცხეთაში, დახურულ საცხოვრებელ კომპლექსში 562 კვადრატულ მეტრი ფართობის, 2 სართულიან სახლს ფლობს. ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი დეკლარაციაში წერს, რომ მდიდრული ვილა მცხეთაში, 100 ათასი დოლარი დაუჯდა.
- კუპატაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელი პირის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს. ჩანამ მაღალ თანამდებობაზე დაინიშნებოდა დიღმის მასივში ორი საცხოვრებელ სახლს ფლობდა. აქედან ერთი მშენებარე იყო.
თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი, ლაშა ჯოხაძე
მაღალჩინოსანი ნატახტარში 634 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის მფლობელია, ქონება მის სახელზე, სხვა ჩინოვნიკების მსგავსად 2024 წლის 4 იანვარს გადაფორმდა.
- რა სახსრებით იყიდა მიწა აგარაკისთვის პოლიციის მაღალჩინოსანმა და რა ფულით გეგმავს სახლის მშენებლობას ნატახტარში ?
ოფიციალურ მონაცემებით, ლაშა ჯოხაძის ერთადერთი შემოსავალი ხელფასია - ყოველთვიურად ის 5 ათას 461 ლარს იღებს.
საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი ამბობს, რომ მიწა მეგობარ პოლიციელებთან ერთად იპოვა და 16 ათასი დოლარი გადაიხადა. ჯოხაძის მტკიცებით, ფულის დიდი ნაწილი, 10 ათასი დოლარი ბანკიდან ისესხა.
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი - ლევან მაისურაძე
- ფლობს 646 კვადრატულ მეტრი მიწის ნაკვეთს წავკისში, 634 კვადრატულს ნატახტარში და სახლს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე. დეკლარაციაში წერს, რომ 646 კვადრატულ მეტრ მიწაში წავკისში 25 ათასი დოლარი გადაიხადა, რაც საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ნაკლებია.
- მარიჯანის ქუჩაზე, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გავლენიანი მაღალჩინოსნის მიწა მდებარეობს, კვადრატული მეტრის ფასი 130 დოლარიდან იწყება. ანუ მხოლოდ ამ ქონების საბაზრო ღირებულება დაახლოები 250 ათასი ლარია. არც წავკისის მიწა და არც ნატახტარში შეძენილი ტერიტორია იპოთეკით დატვირთული არ არის.
შსს-ის მაღალჩინოსნების, თეიმურაზ კალანდაძისა და შალვა ბედოიძის ქონება
- ბაკურიანში, დიდველის ველზე, 1079 კვადრატულ მეტრ მიწაზე საცხოვრებელი კომპლექსი კი განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული პოლიციელის თეიმურაზ კალანდაძის აშენებულია. კახეთის პოლიციის უფროსმა ჯერ მიწა იყიდა, შემდეგ 7 კოტეჯი ააშენა და გაასხვისა.
- საცხოვრებელი სახლი ლისზე, დიდი გალავნითა , აუზით და საკუთარი სპორტული მოედნით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ბედოიძის საკუთრებაა. ვახტანგ გომელაურის მარჯვენა ხელმა ქონება სავარაუდოდ მამის სახელზე გადამალა. დეკლარაციის მიხედვით, ბედოიძე ფაქტობრივად უსახლკაროა. მას სართიჭალაში მემკვიდრეობით მიღებული მიწებისა და ძველი სახლის გარდა არაფერი გააჩნია. მიხეილ ბედოიძემ 2023 წელს მხოლოდ 938 კვადრატული მეტრი მიწა დაარეგისტრირა, არადა ტერიტორია, რომელზეც ორ სართულიანი მდიდრული სახლი დგას 1468 კვადრატული მეტრია.